რეზონანსი
27.09.2025

„სადღეისოდ ძალიან ბევრი ადამიანს დატოვებული აქვს სამშობლო, გახიზნულია უცხოეთში; ამ სოფლიდანაც არაერთი ადამიანია წასული და ზოგიერთი სახლის კარი სულაც ჩაიკეტა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო ქადაგებაში განაცხადა.

მეუფე გრიგოლმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ ქადაგებაზე მიმოიხილა ის პრობლემები რომელიც ქვეყანაშია:

"ყოვლადწმიდა ქალწულის შობით იწყება იესო ქრისტეს განკაცების ისტორია. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ, საღვთო განგებულებით, სწორედ მარიამი აღმოჩნდა ის ადამიანი, ვისგანაც ხორცი შეისხა ღმერთმა და განკაცდა; ჩვენთვის ამას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ქრისტიანული სწავლების თანახმად იესო ქრისტე არის ღმერთი სრული და კაცი სრული, და მას აქვს ორი ბუნება, ღვთაებრივი და ადამიანური;

განკაცებულმა ღმერთმა სწორედ მარიამისგამ მიიღო კაცობრივი სხეული და ადამიანური ბუნება. ეს ნამდვილად არ გახლავთ შემთხვევითი მოვლენა და ბუნებრივია დავსვათ აქ კითხვა, რატომ მარიამი, ან კი სხვა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა წმიდა, მართალი, უბიწო და ღვთის ნების თავისუფლად მიმღებელი ქალწული მარიამი, ის, ვინც ჯერ კიდევ დაბადებამდე უფალს მიუძღვნეს მშობლებმა.

წმიდა წერილი გვამცნობს, რომ მართალნი იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ; ხანგრძლივი ლოცვის, მარხვის და უფლისადმი დაუცხრომელი თხოვნა-ვედრების შემდეგ, უკვე ღრმად მოხუცებულ ასაკში, მათ შეეძინათ ნანატრი შვილი და მარიამი დაარქვეს. მათ აღთქმა ჰქონდათ ნათქვამი, რომ თუ შეეძინებოდათ შვილი, უფლისგან მოცემულს, უფალს მიუძღვნიდნენ. ასეც მოიქცნენ;

როგორც კი წამოიზარდა, სამი წლის მარიამი მშობლებმა აღთქმის თანახმად ტაძარში მიიყვანეს და აქ იზრდებოდა იგი. ტაძრის წიაღში ღებულობდა მარიამი საჭირო ცოდნას, ეუფლებოდა ხელსაქმეს, წარემატებოდა ღვთისადმი ლოცვაში, მარჩილებასა და სიყვარულში. ამ სიწმიდის მატარებელი ადამიანი გახდა ღირსი სულიწმიდის მადლით თავის წიაღში მიეღო მომავალი მესია. აქ ეცხადება მას მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც სასიხარულო უწყებას ამცნობს ქალწულ მარიამს.

მინდა აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს, რომელიც ხაზგასმით წარმოაჩენს ამ ისტორიაში ღვთისმშობლის, როგორც პიროვნების როლს, კაცთა მოდგმის ხსნის ისტორიაში, მის ესქატოლოგიურ მნიშვნელობას;

მთავარანგელოზი გაბრიელი როდესაც მარიამს ეცხადება, ეუბნება: „ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ" (ლკ. 1,29-33).

ამას რომ მოისმენს ქალწული, თავისი უმაკოებიდან და სიწმიდიდან გამომდინარე, კითხულობს: „როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი?" ...და როდესაც მოისმენს, რომ ეს სულიწმიდისგან იქნება (ლკ.1,35), ეტყვის მთავარანგელოზ გაბრიელს: „აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა!" (ლკ. 1,38);

ამ სიტყვებით ქალწული მარიამი გამოხატავს თანხმობას და გამოთქვამს თავის თავისუფალ ნებას, ანუ თავის წიაღში იღებს უფლის ნებას, ვითარცას თავის ნებას. აი აქ ჩვენ ვხედავთ სინერგიის აშკარა გამოხატულებას, მის ძალას და მნიშვნელობას.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, მას შემდეგ რაც მასში განხორციელდა ლოგოსი, სიტყვა ღვთისა, რომელმაც მისგან შეისხა ხორცი, ის გახდა ყოველთა დედა და ეს იგრძნობა საქართველოს ისტორიაშიც; წმიდა გარდამოცემა გვამცნობს, გვამხნევებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი; ეს არის შეუფასებელი პატივი და ამასთან ერთად პასუხისმგებლობის ტვირთი.

ჩვენი ხალხი ამაყია იმით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველო, და რომ ჩვენში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ დედას, ქალს; აქ მინდა დავსვა ერთი ძალიან მტიკივნეული კითხვა:

- რამდენად არის დაფასებული დედის ფენომენი იქ, სადაც მამაკაცები საკუთარ დედაზე იგინებიან (სხვისი დედის მიმართ აღარც კი ვიტყვით)?! ან კიდევ: როგორი სანახავია ქალი, რომელიც ბილწსიტყვაობს?!

გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მის ყველა ქმედებას მოსდევს სათანადო შედეგი. ჩვენ მარადჟამს უნდა შევახსენებდეთ საკუთარ თავს, რა გაგვიკეთა ღმერთმა, რამდენად ვართ დავალებული დედა ღვთისმშობლისგან, როგორი კრძალვითა და პატივით უნდა მოვიხსენებდეთ მათ წმიდა სახელებს. ჩვენ ღვთის სიყვარული გვასაზრდოებს და მისით ვარსებობთ!

შეიძლება მეტი გვეთქვა დღევანდელი დღის შესახებ, მაგრამ მთავარი ის არის, აწ უკვე ნათქვამიდან რა შეეხება შენს გულს, გონებას და აქედან წასულს რა გაგყვება, რა დაგრჩება.

მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები აქ, ამ სოფელში, ამ წმიდა ტაძარში, რომელიც ღვთისმშობლის დიდებული შობის დღესასწაულს მიეძღვნა, და ააშენა იგი თქვენი სოფლის მკვიდრმა. მას ეხმარებოდნენ ადამიანები, მათ შორის, ზოგი ქმედითად, ზოგიც სულიერად; მათ უხაროდათ ამ მადლიანი საქმის აღსრულება და აღსანიშნავია, რომ კარგი საქმის გამო სიხარული, უკვე ერთგვარ მონაწილედ გხდის ამ საქმისა.

ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავთ ამას, რომ არსებობს სიხარული მადლისმიერი და არსებობს კიდევ, ე.წ. „ბოროტი სიხარული", მაგალითად: ერთი ადამიანი რომ წაიქცევა და მეორე ადამიანს გაუხარდება ეს ამბავი; ან კიდევ, ადამიანს რომ რაღაც უსიამოვნება ან უბედურება შეემთხვევა, თუნდაც მისივე გაუფრთხილებელი, არასწორი ან უგუნური ქმედების გამო და დანარჩენები რომ ხარობენ ამის გამო.

გახსოვდეთ, ჩვენ ყველა ღღვთის შვილები ვართ და ძალიან ცუდია, და დიდი ცოდვაა ადამიანისთვის ერთმანეთზე შურისძიება. აქ ბრძანდებით დედები, მამები, ერთი სიტყვით, მშობლები, უფროსი თაობა;

წარმოიდგინეთ, შვილები ერთმანეთში მძიმედ რომ ურთიერთობენ ან სულაც, დაპირისპირებაში რომ არიან, როგორი განსაცდელია ხოლმე, როგორი სანახავია?! ჩვენი ადამიანური თვალსაწიერიდან მაინც ხომ უნდა გავაკეთოთ რაღაც დასკვნები?!

ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთის განგებულებას, ღმერთივით ვერ ვიფიქრებთ, მაგრამ განღმრთობა, ანუ, ღმერთისადმი მსგავსებაში წარმატება არის მიზანი ჩვენი არსებობისა.

შევეცადოთ, შევიმეცნოთ და საკუთარ გულსა და გონებაში გავატაროთ ისტორია, რომელიც მოგვითხრობს პირველი ადამიანების ცოდვით დაცემას და შემდგომ იმ ტანჯვას, მოლოდინს და იმედს, რომელმაც მრავალი თაობა გამოატარა ისტორიული და სულიერი განსაცდელების უმძიმეს გზაზე და მოიყვანა ქრისტემდე; ხოლო განკაცებულმა ქრისტემ ჩემთვის, შენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა; ...და ვისგან?!

ჩვენგან, ადამიანებისგან!

ჩვენ ტკივილითა და გულისწყრომით ვამბობთ ხოლმე: ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო; ვისაც ყველაზე მეტი სიკეთე გავუკეთე, იმისგან შემხვდა ყველაზე მეტი ბოროტებაო; ვისგანაც არ მოველოდი, იქ შემხვდა ღალატიო?! ძალიან უცნარია? გასაკვირია თუ მოულოდნელი?!

განა იესო ქრისტესთან მიმართებაში არ მოხდა, ან ხდება მსგავსი რამ ყოველდღიურად?! იესოს შესახებ იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, მასში იყო სიცოცხლე, მისგან მოგვეცა ყოველივე" და როგორ მოვექეცით (ან ვექცევით) მას?! ...ადამიანმა ჯვარს აცვა იგი, და ის კი გპატიობს: შეუნდე უფალო, რამეთუ არ უწყიან რას სჩადიანო, და ამითაც ცოცხალ მაგალითს გვიჩვენებს, იმისთვის, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ, მორალურად, ზნეობრივად, სულიერად გამართული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ძვირფასო თანამემამულევ, თანამოქალაქევ, სულიერო ძმაო თუ დაო, რაც მოგახსენეთ, ამ ფონზე შეხედე საკუთარ თავს, ბოღმა დაიოკე შენს გაღიზიანებულ გულში; დაფიქრდი იმაზე, რა გზა აგირჩევია ცხოვრებაში, როგორ მოხვედი დღევანდელ დღემდე და როგორ უნდა იცხოვრო ხვალიდან.

ჩვენ, ქრისტიანები ვართ, ქრისტეს მოწაფეები და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს; არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რას გვასწავლის ქრისტიანობა, თუნდაც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა; ის მოგვიწოდებს სიწმიდისკენ, სიყვარულისკენ.

თუ სიყვარულმა ჩვენში, შენს გულში დასაყრდენი ადგილი ვერ იპოვა, სიხარულის იმედი ნუ გექნება, არ გვესტუმრება. სადაც სიყვარული არ არის, იქ სიხარული ვერ იქნება; იქ მხოლოდ „ბოროტი სიხარული" შეიძლება მკვიდრობდეს, რომელიც ანადგურებს და სახეს უკარგავს ადამიანს.

დღეს უკვე უცხო ხილი არ არის ჩვენს ცხოვრებაში სოციალური ქსელები, ათასობით მომხმარებელი ჰყავს, და რას ვხედავთ? ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს?! რას წერენ ადამიანები, რა შეფასებებს აძლევენ ერთმანეთს, როგორი სიბინძურე და სიძულვილი იღვრება, რა დამოკიდებულებას გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ?! ეს ხომ არათუ ქრისტიანულ აზროვნების საზღვრებს, არამედ ადამიანურობის საზღვრებსაც სცილდება.

ჩვენი ხალხი, ერთი მხრივ, აქტიურად აღნიშნავს დიდ თუ მცირე საეკლესიო დღესასწაულებს; საუფლო, საღვთისმშობლო დღესასწაულთა და სხვადასხვა წმიდანთა სახელებზე ვაშენებთ ტაძრებს, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია?! იმართება დღეობები, იშლება სადღესასწაულო სუფრები, არის გალობა, სიმღერა, ცეკვა და ა.შ., მაგრამ რა რჩება აქედან? რა კარგი დრო გავატარეთ, რა ლამაზი დღე იყო?

ლამაზი და შინაარსიანი უნდა იყოს ამ დღის გაგრძელება. საზოგადოებამ, ქართველმა ერმა (თუნდაც) უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა; წინ კიდევ უფრო მძიმე გზა გველის. ძალიან სერიოზული დაფიქრება და ხვალინდელი დღისადმი გონივრული მიდგომა გვჭირდება, სწორი, მართებული დასკვნების გამოტანა და არა ერთმანეთის დაცინვა და გაქილიკება, ან, საერთოდაც, ურთიერთგანადგურებაზე ფიქრი.

სადღეისოდ ძალიან ბევრი ადამიანს დატოვებული აქვს სამშობლო, გახიზნულია უცხოეთში; ამ სოფლიდანაც არაერთი ადამიანია წასული და ზოგიერთი სახლის კარი სულაც ჩაიკეტა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. მსოფლიოში მუდამ იყო მიგრაციის პროცესები: ზოგიერთნი მოგზაურობენ, სურთ დაათვალიერონ სამყარო, გაამდიდრონ და გააფართოვონ თავისი კულტურული თვალსაწიერი, ან სულაც დაისვენონ;

...მაგრამ როცა შენი თანამემამულე სარჩო-საბადებლის ძიებში თავის გადასარჩენად მიდის ოჯახიდან, ქვეყნიდან, ხოლო ჩვენ კი ვამბობთ, რომ წარმატებული ქვეყანა გვაქვს, ნაყოფიერი მიწა გვავქვს, საოცარი ბუნება, საოცარი გარემო-პირობები, რა ღმერთი გაგვიწყრა, რატომ და სად მიდის ათასობით ჩვენი თანამემამულე?!

ჩემთვის ერთობ რთულია ამაზე პასუხის გაცემა; ერთს კი გეტყვით, რომ ცოდვამ მიჩვევა იცის; მაგალითად, თუკი ერთხელ გაზარმაცდა ადამიანი, შემდეგ ძალიან ძნელია მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან; თუკი ერთხელ გაბოროტდა ადამიანი და თავის გულში ბოღმას მისცა გასაქანი, ძალიან ძნელია ამ ბოღმის განდევნა გულიდან. რამდენი შეიძლება ვთქვათ? იფხიზლეთო, მღვიძარენი იყავითო, გვაფრთხილებს მაცხოვარი.

დღესასწაულია დღეს, ღვთისმშობელი დაიბადა, გვიხარია, რომ იოკიმესა და ანას მართალი ცხოვრებით, ღვთის მადლითა და განსაკუთრებული განგებულებით ქვეყანას მოევლინა ქალწული მარიამი, რომელსაც წმიდა ეკლესიამ ღვთისმშობელი უწოდა, რადგან განკაცებულმა ღმერთმა მისგან მიიღო კაცობრივი სხეული, ადამიანური ბუნება და ამით ადამიანს განსაკუთრებული პატივი მიანიჭა, და იმავდროულად ხაზგასმით დაგვანახა მართალი ცხოვრების, სიწმიდისა და სიმართლის ფასი და მნიშვნელობა.

იესო ქრისტე თავის ერთ-ერთ სიტყვაში ბრძანებს: „...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მათ. 6, 33). განა ბავშვმა პური რომ ითხოვოს, ქვას მისცემს მშობელი?

უფალი არასდროს არავის ტოვებს, თუმცა ჩვენ საკუთარი თავი კარგად უნდა გავიცნოთ და ჩვენში უნდა ვიპოვოთ ადამიანი! ის, რომ გამორჩეული ხარ სხვა ქმნილებათაგან, საკმარისი არ არის. ამით ტკბობა რას გაძლევს? დავუშვათ, ადამიანი ტკბება თავისი განსაკუთრებული აღმატებული მდგომარეობით სხვასთან შედარებით და რა მერე?!

წუთისოფელში მარადიული არაფერია! ცხადია, რომ სიკვდილი არავის ასცდება! ამიტომ: თუ რამ კეთილშობილური უნარები ჭარბად მოგეცა, ისარგებლე და ასარგებლე სხვა! ყველა ადამიანს სხვადასხვა ნიჭი აქვს: ერთს უფრო მეტი ფიზიკური ძალა აქვს, მეორენი სულიერად არიან ძლიერნი, ზოგიერთს მიწის დამუშავება შეუძლია, ზოგიერთი კი თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იღწვის.

ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, რისთვისაც მოწოდებული ვართ, რაც ჩვენ საერთო საჭიროებებს უზრუნველყოფს, მაშინ საზოგადოებრივი ცხოვრებაც ბევრად უფრო გამართული და უკეთესი იქნება.

დედა ღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! გისურვებთ მშვიდობას!

ბრძოლა გამოვუცხადოთ და დავუპირისპირდეთ უკეთურებას სიკეთით და ვიფხიზლოთრამეთუ საცდურს ისეთი თვისება აქვს, სადაც არ ელი, იქ დაგიგებს ხაფანგს, და ვაი თუ ჩაძინებული გნახა, ისე დაგამარცხებს, ისე დაგცემს, რომ წამოდგომა გაგიჭირდება; და რაც უფრო მძიმედ დაეცემა კაცი, მით მეტად მძიმე და ძნელია წამოდგომა. ამ დროს კი, წაქცეულს ხელი უნდა გაუწოდო და წამოაყენო.

რასაც უფლისგან ელოდები და რაც შენთვის გინდა, შენც ის განახორციელე სხვის მიმართ, რაც გინდა რომ შენ გაგიკეთონ, ის გაუკეთე სხვას, როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ისე მოექეცი შენ სხვას.

სიყვარულს თუ ითხოვს, გაეცი სიყვარული; ყურადღებას თუ ითხოვ, გამოიჩინე ყურადღება; მზრუნვეობას თუ ითხოვ, გამოჩინე მზრუნველობა, იყავი ასეთი!

ღმერთმა ჯანის და სულის სიმტკიცე მოგცეთ!

აქ რომ მოვედი, დავინახე ბატონი გოგი ქირია, რომლის განსაკუთრებული როლი და ღვაწლია ამ ტაძრის აშენებაში. ვიდრე ამ ტაძარში უსისხლო მსხვერპლი შეიწირება და ლოცვითი მსახურება აღესრულება, ვიდრე თუნდაც ერთი კანდელი ანთია, ყოველთვის იქნება ლოცვა იმ ადამიანებისათვის, ვინც ღვთის დიდებას ემსახურება, ვინც მოყვასის სამსახურში ერთგულად ირჯება და იხარჯება.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!"- წერს მიტროპოლიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×