რეზონანსი
27.09.2025

ზოგადად, ევრო ბიუროკრატები ჩვენი მოქალაქეების თვალში თვითონ აკნინებენ საკუთარ რეპუტაციას, - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საფრანგეთის სენატის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მიღებულ რეზოლუციებში ასახულია, რომ თითქოს სააკაშვილი არის „პოლიტიკური დევნილი" და უნდა გათავისუფლდეს.

„ეს მორიგი აბსურდია და ზოგადად ევრობიუროკრატები ჩვენი მოქალაქეების თვალში საკუთარ რეპუტაციას თვითონ აკნინებენ. მე იმასაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ ყველა რეზოლუციაში, რაც ბოლო წლებში მიიღეს, ასახეს, რომ სააკაშვილი თურმე არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გათავისუფლდეს. ასევე შევახსენებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების განცხადებას, როცა მათ დემარში მოუწყვეს იუსტიციის სამინისტროს, რომ თითქოს სააკაშვილს არაადამიანურად ეპყრობოდნენ, სიკვდილის პირას იყო მისული და სხვა ქვეყანაში უნდა გადაგვეყვანა სამკურნალოდ. შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. მართლაც ყველაფერი წესრიგშია, შესანიშნავად გრძნობს თავს ბატონი სააკაშვილი და ბოდიშიც არავის მოუხდია. აგრძელებენ ასეთ ქცევას და ეს მათთვისვე კონტრპროდუქტიულია",- განაცხადა მაჭავარიანმა.

საფრანგეთის სენატმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია განიხილა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი „მძიმე და შეუფერებელ პირობებში" იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×