რეზონანსი
27.09.2025

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია.

„შეუძლებელია, ემოციის გარეშე ისაუბრო დღევანდელ დღეზე, რადგან თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია - თარიღი, როდესაც სოხუმი დაეცა. ეს დღე გვახსენებს იმ სისასტიკეს, რასაც მოჰყვა ათასობით დახოცილი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დევნილად ქცეული ჩვენი მოსახლეობა, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, გახლეჩილი საზოგადოება, ბზარი ჩვენს აფხაზ და-ძმებსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ტკივილი, რაც აფხაზეთის ომმა მოგვიტანა, არასდროს განელდება. ომის შედეგები უმძიმესია, იგი ძალიან დიდხანს გაჰყვება ხოლმე ქვეყანას და ხალხს. სწორედ ამიტომ, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ამას კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის, შერიგებისთვის, ურთიერთპატიებისთვის საზოგადოების გაერთიანება აუცილებელია.

„პატივს მივაგებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და ქედს ვიხრი მათ წინაშე. უნდა გავერთიანდეთ მშვიდობისთვის, შერიგებისთვის, ურთიერთპატიებისთვის, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეძლონ ღირსეულ, თავისუფალ და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×