
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ნატო მზად არის დაიცვას თავისი ტერიტორია რუსეთის ნებისმიერი შეჭრისგან, თუმცა დაამატა, რომ ალიანსს არ სურს კონფლიქტის ესკალაცია.
ამის შესახებ გერმანიის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვადეპულის თქმით, რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის გახშირებული შემთხვევები წარმოადგენს ვლადიმერ პუტინის მცდელობას, გამოსცადოს ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობები.
„ჩვენი ქვეყნები არ არიან დაინტერესებული ესკალაციით, მაგრამ რუსეთმა, შესაძლოა, მოისურვოს ჩვენი მახეში გაბმა. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ტერიტორია. და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მას ჩვენი დამარცხების არანაირი შანსი არ ექნება“, – განაცხადა ვადეპულმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შესაძლებლობა, თავს დაესხას ნატო-ს ტერიტორიას.
ვადეპულის თქმით, გერმანია მკვეთრად ზრდის სამხედრო ხარჯებს, რათა გერმანიის შეიარაღებული ძალები ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად გადაიქცეს.