რეზონანსი
26.09.2025

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე სახელწოდებით „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის არსებულ დინამიკაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კუთხით საქართველო ლიდერი ქვეყანაა ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის - გასულ წელს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.6% შეადგინა, მიმდინარე წელს კი საშუალო 8%-ია.

„ძალიან სასიხარულოა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგადად რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, აღნიშნულ მონაცემებს ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციები - მათ შორის EBRD-ს დღევანდელი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაიზარდა, ასევე სავალუტო ფონდმა გააუმჯობესა პროგნოზი 7.2%-მდე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა წამყვანი ეკონომიკური სექტორების არსებული მდგომარეობა, ასევე მათი შემდგომი განვითარების კუთხით მთავრობის და მისი უწყების ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ენერგეტიკის უწყებებში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა ამავე საწარმოებში დაბრუნდება და ისევ ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას მოხმარდება.

„ასევე ვმუშაობთ ახალ ინიციატივაზე, რა შეიძლება გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჰიდროპროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, შესაბამისად, სწორად ვაფასებთ იმ ხარვეზებს, რაც ამ მიმართულებით გვაქვს და მზად ვართ, კერძო სექტორს შევთავაზოთ ახალი ინსტრუმენტები, რომ გავამყაროთ ინვესტორების ნდობაც ასეთი პროექტების მიმართ ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×