
აზიის განვითარების ბანკმა დღეს დაამტკიცა 360 მილიონი დოლარის სესხი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას.
პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის საქართველო - თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატგამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.
ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი-კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები - ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. საფინანსო ინსტიტუტმა ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში.
„ADB ათ წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით და ვამაყობთ მიღწეული შედეგებით. ბათუმი-სარფის გზა, რომელიც საქართველოს განახლებული საგზაო ქსელის ბოლო მონაკვეთია, გააძლიერებს ქვეყნის რეგიონულ პოზიციას, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის სასურველ მარშრუტს და შექმნის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს საქართველოს მოსახლეობისთვის", - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
11-კილომეტრიანი გზა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას დააკავშირებს საქართველო-თურქეთის სასაზღვრო პუნქტთან სარფში, აშენდება ტრანსევროპული ავტობანის სტანდარტების მიხედვით. გზის ახალი, შიდა მარშრუტი თავიდან აიცილებს კლიმატის რისკებს. პროექტის დიზაინი ასევე მოიცავს ფერდობების გამაგრებასა და კლდის ჩამოშლისგან დაცვას, გაუმჯობესებულ სანიაღვრე სისტემასა და ეროზიის კონტროლს, ასევე შავი ზღვის სანაპიროს 500-მეტრიან მონაკვეთზე ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გამართვას.
ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თურქეთთან სასაზღვრო ურთიერთობას და გააძლიერებს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მეორე სავაჭრო დერეფანს, რომელიც საქართველოზე გადის. ეს კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს რეგიონულ როლს და მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად აქცევს საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე.
პროექტი დაეხმარება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გზების აქტივების მართვის სისტემების მოდერნიზებაში, ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის პოლიტიკაზე გადასვლას და საგზაო უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტი გააძლიერებს ტრანსპორტის სექტორში ხარისხის კონტროლის შესაძლებლობებს, რაც მოიცავს ტრენინგებსა და სატესტო აღჭურვილობის მიწოდებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ლაბორატორიისთვის.