
EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზოგიერთი ადგილობრივი „ექსპერტი“ წინასწარმეტყველებდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 7%-მდე გაუმჯობესებას.
ჩიხელიძის განცხადებით, EBRD-ის გამოქვეყნებულმა პროგნოზმა კიდევ ერთხელ აჩვენა ადგილობრივი „პროფესიონალების“ განცხადებების მიზანი - „საზოგადოებაში ნეგატიური მოლოდინების გაღვივება“.
„EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი პროგნოზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზოგიერთი ადგილობრივი „ექსპერტი“ წინასწარმეტყველებდა. სულ რამდენიმე თვის წინ მათ საზოგადოების დარწმუნება სცადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზრდებოდა და თითქოს საქართველოს პერსპექტივა შეზღუდული იყო. რეალობამ კი საპირისპირო აჩვენა: საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა, რომლის პროგნოზებს მაღალი სანდოობა აქვს, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 7%-მდე გააუმჯობესა.
ეს განსხვავება ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ხშირია საქართველოში თვითგამოცხადებული „ექსპერტების“ მცდელობა რეალური ეკონომიკური პროცესების დამახინჯებისა და პოლიტიკური ნარატივისთვის მორგების. მათი პროგნოზები ვერანაირ ანალიზსა და ფაქტობრივ საფუძველს არ ეყრდნობა, მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ეფუძნება მონაცემებს, გლობალურ ტენდენციებსა და ეკონომიკურ მოდელირებას.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაჩვენებლები სჯობს ბევრ რეგიონულ ქვეყნებს, ასევე მოლდოვასა და უკრაინას, სადაც პროგნოზი მხოლოდ 1,5% და 2,5%-ია. ეს ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ ინარჩუნებს სტაბილურობას, არამედ რეალურად იზრდება, რაც მთავრობის სწორი პოლიტიკისა და სერიოზული ეკონომიკური მართვის შედეგია.
ამრიგად, დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი „პროფესიონალის“ განცხადებები
მხოლოდ საზოგადოებაში ნეგატიური მოლოდინების გაღვივებას ემსახურებოდა, მაშინ როცა საერთაშორისო სურათი სრულიად სხვა რეალობას გვიჩვენებს - საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად ვითარდება და რეგიონში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე გადადის“,-წერს ჩიხელიძე.