
ბოლო პერიოდში ხშირად იყო მცდელობა, რომ ბიზნესი და ხელისუფლება სხვადასხვა ბარიკადების მიღმა აღმოვჩენილიყავით, რაც არასწორია. პირველ რიგში, თუ ვინმეს ინტერესშია საქართველოში ძლიერი ბიზნესის არსებობა, ეს არის სახელმწიფო, ხელისუფლება და განსაკუთრებით ჩვენი სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის მასშტაბით მსხვილი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, - განაცხდა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში" სტუმრობისას.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობა არ მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, საუბარია საზოგადოების ფულზე და საზოგადოებრივ ინტერესზე, რაც კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას.
„ჩვენი ამოცანაა, ბიუჯეტის თითოეული თეთრი სწორად და ეფექტიანად დაიხარჯოს. ამიტომ, ხარისხი ჩვენთვის პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ რაღაც შენობის აშენება, არამედ ის, რომ ეს შენობა იყოს ხარისხიანი და ათწლეულების განმავლობაში ემსახუროს საზოგადოებას. შესაბამისად, არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ სახელმწიფო ინტერესი დავიცვათ კიდევ უფრო მეტად, ვიდრე კერძო ბიზნესმენი ან თითოეული ჩვენგანი საკუთარ სახსრებს დაიცავდა. აქ ჩვენს პირად ფულზე და პირად ინტერესზე არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია საზოგადოებრივ ინტერესზე და ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა", - განაცხადა რევაზ საოხაძემ.
მისი თქმით, სამთავრობო პროექტების განხორციელება შეუძლებელია კერძო სექტორის გარეშე და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ძლიერი და პროფესიონალი ბიზნესების არსებობა. სახელმწიფო, თავის მხრივ, მზად არის ყველა კანონიერ ფარგლებში ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია საჯარო რესურსების სწორად განკარგვა.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ამიტომ, ძლიერი ბიზნესის არსებობა ჩვენთვის პრიორიტეტია", - აღნიშნა მინისტრმა.