
ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) 26 სექტემბრის ნომერში გამოაქვეყნა თავისი საკვირაო გამოშვების - „სანდეი ტელეგრაფის“ (The Sunday Telegraph) მთავარი რედაქტორის, ალისტერ ჰითის სტატია სათაურით: „საბოლოოდ როგორ კვდებიან ცივილიზაციები/ პუტინი სტალინი არ არის. ფაქტობრივად, სტატიის დედააზრი ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებას - „ევროპა ჯოჯოხეთისაკენ მიექანება“, დროა, გამოფხიზლდეს და ცივილიზაციის სიკვდილი თავიდან აიცილოს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ჩვენი ლიდერები ისტორიულ უფუნქციო პერსონაჟებს ჰგვანან, რომლებიც არაფერს აკეთებენ ევროპის სპირალური ვარდნის შესაჩერებლად. ისინი გვერდზე დგანან, ვიდრე ჩვენ ცივილიზებული ჰარაკირისკენ მივექანებით.
კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი - ისინი, ყველანი პოლიტიკური პიგმეები არიან და ერთმანეთს არაკომპეტენტურობაში, ლაჩრობასა და უპოზიციობაში ეჯიბრებიან. თვით ჯორჯა მელონიმაც კი, იტალიის პრემიერმა, მეტ-ნაკლებად ნორმალურმა დასავლეთევროპელმა ლიდერმა, ვერ შეაჩერა იტალიის „თვითმკვლელობა“. ფრიდრიხ მერცი, რომელსაც დიდი გაჭირვებით შეიძლება გერმანული „ჩამოსხმის“ მარგარეტ თეტჩერი ვუწოდოთ, თავის ქვეყანას ვერაფრით ეხმარება.
ოდესღაც დიდებული ერები, რომლებსაც ჩამოთვლილი ლიდერები მიეკუთვნებიან (ფრანგები, ბრიტანელები, გერმანელები, იტალიელები...), ყველა ფრონტზე მარცხს განიცდიან - ეკონომიკაში, სამხედროში, მორალურ-ზნეობრივში, დემოგრაფიულში, ტექნოლოგიურში, გეოპოლიტიკურში და სულ უფრო სწრაფად მიექანებიან უფსკრულისაკენ. მათ დაკარგეს მსოფლიოს პატივისცემა და ყოფილი დიდება მხოლოდ შოპინგის სფეროში თუ შეინარჩუნეს, თემატური პარკებისა და კარგი მანერების სკოლების არსებობაში.
დასავლეთ ევროპას ბევრი პათოლოგია აქვს, რომლებიც უკონტროლოდაა მიტოვებული და მრავალრიცხოვან მეტასტაზს იკეთებს. ჩვენ არ შეგვწევს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა - ნაწილობრივ იმიტომ, რომ, ძირითადად, უპირატესობას ვანიჭებთ რეგულირებას და გადასახადების მომატებას ყველაფერზე, რაც კი მოძრაობს. ჩვენმა შეცდომებმა განაპირობა ფასების მატება, მრეწველობის ბანკროტობა და მოსახლეობის გაღარიბება.
ჩვენ აღარ შეგვიძლია ამერიკულ და ჩინურ კომპანიებთან კონკურენცია, აღარ შეგვიძლია მსოფლიოს დონის მეწარმეობის განვითარება. სამუშაო ადგილები სწრაფად გაქრებიან ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ხოლო სოციალური სახელმწიფოები კრახის წინაშე აღმოჩნდებიან. ჩვენ პენსიონრებს ხშირად უფრო მეტს ვუხდით, ვიდრე - დასაქმებულებს, ახალგაზრდებს კი ინფანტილიზმისაკენ ვუბიძგებთ, „ტვინებს ვურეცხავთ“ ე.წ. თანამედროვე უნივერსიტეტებში და მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ვართმევთ - ფულადი პოლიტიკის მანიპულაციებით და არასწორად მოქმედი საცხოვრებელი ბინების ბაზრით. შობადობა მკვეთრად დაეცა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არამდგრადი გახდა. საზოგადოებას ვასწავლით, რომ კომფორტი უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენოს, რისკებს ყურადღება არ მიაქციოს... შემდეგ კი გვიკვირს, თუ რატომ არ გვაძლევენ ხმას ამომრჩევლები.
ჩვენ მიამიტურად და ბრიყვულად დავიწყეთ ანტიმილიტარიზმის ქადაგება, უარს ვამბობთ იმის აღიარებაზე, რომ ევროპული უზრუნველი მშვიდობიანი არდადეგები დამთავრდა. მიუხედავად ჩვენი ერთობლივი მთლიანი შიდაპროდუქტისა (მშპ), რომელიც 10-ჯერ აღემატება რუსეთის მშპ-ს და, მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა, რომელიც 3,7-ჯერ აღემატება რუსეთის მცხოვრებთა რიცხვს, ჩვენ მაინც ვერ ვეხმარებით კიევს ისე ინტენსიურად, რომ მან კრემლი დაამარცხოს.
ჩვენ განვაგრძობთ დახმარების დამამცირებელ თხოვნას ამერიკის წინაშე, რაც ცივი ომისდროინდელ სიტუაციას მოგვაგონებს. ჩვენ ვერ შევძელით წინ აღვდგომოდით „ჰამასელ“ მოძალადეებს და ამის ნაცვლად ყალბი ლიბერალიზმისა და ტოლერანტობის ქადაგება დავიწყეთ, დისკუსია გავმართეთ ადამიანის უფლებების დაცვაზე ღაზას სექტორში, „ჰამასის“ მხეცობა კი დავივიწყეთ. ამით ჩვენი ორსახოვნება დავამტკიცეთ.
ჩვენ დავამახინჯეთ თავდაპირველი ნათელი კოსმოპოლიტური იდეალი - ყველა ერის ერთიანობა და კარი გავუღეთ მიგრანტებს, ევროპული კეთილდღეობის გასაზიარებლად. საბოლოოდ კი მივიღეთ ანტიინტეგრაცია: გაძლიერდა რეგიონული ავტონომია, დაჩქარდა ისლამის გავრცელება, გაფართოვდა დამნაშავეობა, გაჩნდა ნდობის კრიზისი დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი.
ჩვენი გონება დაბინდულია ნეომარქსისტული და პოსტმოდერნისტული იდეოლოგიებით, ჩვენი გულები სავსეა შურით და სიძულვილით, ჩვენს სულებს პოსტქრისტიანული ეჭვი ჭამს... ჩვენ არ გვსურს ვიყოთ არც ათენი და არც სპარტა, არც იერუსალიმი, არც რომი... არ გვინდა არც ლიბერალობა და არც კონსერვატორობა.
ჩვენ მივიღეთ დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც თანასწორობას დამსახურების ზემოთ აყენებს, ბიუროკრატია დემოკრატიას ჩრდილავს, რადიკალური ეკოაქტიურობა განვითარებას და პროგრესს ხელს უშლის... ემოციებს უპირატესობას ვაძლევთ, გონიერებასთან შედარებით, ჩვენთვის ინტერნაციონალური და საყოველთაო უფრო ძვირფასია, ვიდრე - ეროვნული.
გაეროში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა შეუბრალებლად დასცინა დიდ ბრიტანეთს და ევროპას, ჩვენი წარმომადგენლები კი იძულებულნი იყვნენ, ჩუმად ესმინათ აშშ-ის პრეზიდენტისთვის. მწარე იყო დონალდ ტრამპის ნათქვამი ევროპაზე, მაგრამ იმავდროულად - სამართლიანიც. მისმა გამოსვლამ მიზანში გაარტყა.
დასავლეთ ევროპის უუნარობა, გაიაზროს და გარდაქმნას თავისი ეკონომიკა, სამხედრო ძლიერება, გარდაქმნას საზოგადოება რუსეთ-უკრაინის ომის დროს - ჩვენს დაცემას მოწმობს.
რუსეთი აქტიურდება - მისი დრონები პოლონეთში იჭრებიან, მისი თვითმფრინავები ესტონეთის საჰაერო სივრცეს არღვევენ... როგორ რეაგირებას მოვახდენთ, თუ კრემლი კიდევ უფრო მეტ თვითმფრინავს გაგზავნის ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეში? დონალდ ტრამპი გვეუბნება, რომ უნდა ჩამოვაგდოთ, მაგრამ როგორ გავაკეთებს ამას? ჩვენ ხომ ესკალაციისათვის მზად არ ვართ. ჩვენთვის უკეთესია, მსოფლიოს ყურადღება უაზრო ჟესტებით მივიპყროთ და ტერორისტები დავაჯილდოვოთ.
ჩვენ უკვე სხვა სიჩქარეზე გადართვა აღარ ძალგვიძს, რომ არაფერი ვთქვათ სუპერსიჩქარეებზე. ჩვენს ინსტიტუტებს ობი მოეკიდათ, პოლიტიკა აღარ მუშაობს. დიახ, გერმანიას განზრახული აქვს მეტი დახარჯოს თავდაცვისათვის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და - საკმაოდ დაგვიანებულიც. რუსეთმა ომი 2022 წელს დაიწყო, მაგრამ არც ერთ ევროპულ ქვეყანას, ნატოს წევრს თუ არაწევრს, არავის გაუუმჯობესებია საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, არ დაუწყია ისრაელის „რკინის გუმბათის“ მსგავსი სისტემის დანერგვა. ჩვენ, ბრიტანელებს, საკუთარი არმიის პირადი შემადგენლობა არ გაგვიზრდია. ჩვენთან ავტოსადგომების დარაჯების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე - ჯარისკაცებისა.
ზოგიერთი შეფასებით, მიმდინარე წელს ევროპა 4-5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული ნავთობის იმპორტს განახორციელებს. რუსული თხევადი გაზის იმპორტის მოცულობა მიმდინარე წლის პირველი ნახევრისათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა და ფულადი გამოხატულებით, 4,4 მილიარდ ევროს მიაღწია... თანაც გაზის ყველაზე მეტი რაოდენობა ევროკავშირში ბელგიის ნავსადგურ ზებრიუგეს მეშვეობით შემოდის.
1941 წლის 22 ივნისს ადოლფ ჰიტლერმა დაიწყო ოპერაცია „ბარბაროსა“ - შეიჭრა საბჭოთა კავშირში. ოთხი წლის შემდეგ კი, 1945 წლის 2 მაისს, საბჭოთა ჯარისკაცებმა ბერლინში, გერმანიის რაიხსტაგის თავზე, გამარჯვების დროშა ააფრიალეს. მაგრამ ეს მოხდა იოსებ სტალინის მმართველობის დროს.
ვლადიმერ პუტინის - იოსებ სტალინის იაფფასიანი ასლის დრო იწურება. მას სურდა მოსკოვის გავლენის სფეროს აღდგენა, მაგრამ ახლა ჰაერივით სჭირდება დამცირებისათვის თავის არიდება. მან დაიპყრო მარიუპოლი და უკრაინის რამდენიმე პატარა ქალაქი, თუმცა ეს მაინცდამაინც ბევრი არ არის ომის სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. არ არსებობს იმის იმედი, რომ კრემლის ამჟამინდელმა ბინადარმა უკრაინაზე 2026 წლის იანვრისათვის გაიმარჯვოს ანუ [ომის დაწყებიდან] ისეთ ვადაში [სამ წელსა და ათ თვეში], რომელიც იოსებ სტალინს დასჭირდა ჰიტლერული რაიხის დედაქალაქის დასაპყრობად.
მაშ ჩვენ რატომ არ მივაყენეთ რუსეთს [ეკონომიკური] დარტყმა? ამ მომენტისათვის ევროპა, რომელსაც [რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე] თავისი ეკონომიკა უნდა განემტკიცებინა, ვალდებული იყო, უკრაინისათვის საბოლოო და გადამწყვეტი დახმარება გაეწია. ამის ნაცვლად ჩვენ მხოლოდ ახლა, ძლივ-ძლივობით დავიწყეთ რემილიტარიზება. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ფინანსური კრიზისის წინაშე იმყოფებიან და ბალანსს დიდი გაჭირვებით იცავენ. ისინი უძლურები არიან, ვიდრე მოსკოვი ახალ პროვოკაციებს აწყობს. აი, ასე კვდებიან დიდი ცივილიზაციები".
მოამზადა სიმონ კილაძემ