
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს. ვიდეომიმართვაში ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ დასავლელი ლიდერების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ტერორიზმს აჯილდოებს".
„მაქვს მკაფიო გზავნილი იმ ლიდერებისთვის, რომლებიც 7 ოქტომბრის საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ პალესტინურ სახელმწიფოს აღიარებენ: თქვენ ტერორიზმს უზარმაზარ ჯილდოს აძლევთ. და მე თქვენთვის კიდევ ერთი შეტყობინება მაქვს: ეს არ მოხდება. წლების განმავლობაში ხელს ვუშლიდი ამ ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, განცხადება გაავრცელა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ცალმხრივ დეკლარაციას".
„ეს დეკლარაცია არ უწყობს ხელს მშვიდობას, არამედ ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსებს", - აღნიშნულია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების განმარტებით, პალესტინის ადმინისტრაციამ არ შეასრულა არცერთი ვალდებულება, მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო სახელმწიფოებს „მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ „ჰამასის" ზეწოლაზე, რათა დაჯგუფების წევრებმა მძევლები გაათავისუფლონ".
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.