რეზონანსი
21.09.2025

[გაეროს გენერალურ ასამბლეაზე] კიდევ ერთხელ დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დე ფაქტო საქართველოს და რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ავტორიტარიზმი და რუსული გავლენები ჭარბობს - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტი.

როგორც მან განაცხადა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილი ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ რიტორიკას გააგრძელებს.

„2012 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო კამათი პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, თუ ვინ წავიდოდა გაეროს სხდომაზე და ყოველთვის პრემიერის სასარგებლოდ წყდებოდა დავა, განსხვავებით დღევანდელობისგან. არ ვფიქრობ, რომ აშშ-ში ირაკლი კობახიძე იყოს სასურველი სტუმარი ან მას ვინმე ხელს ართმევდეს, ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე. არ ველოდები, რომ რაიმე განსხვავებულს იტყვის ყაველაშვილი იმის გარდა, რაზეც ის პარლამენტში საუბრობდა, იქნებოდა ეს ანტიდასავლური თუ ანტიდემოკრატიული რიტორიკა. ნამდვილად დაშორებული იქნება ის სათქმელი სავარაუდო სათქმელისგან, რომელიც საქართველოს ინტერესებშია და ეს მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ინტერესების სამსახურში იქნება. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დაინახავს საერთაშორისო საზოგადოება, თუ ვინ წარმოადგენს დღეს დე ფაქტოდ საქართველოს და რა მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, როდესაც ავტორიტარიზმი და რუსული გავლენები ჭარბობს",-განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, მან კორუფციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასა. მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ყალბი და აჩვენებს რეჟიმის შიდა „კლანურ" დაპირისპირებას.

„არავის სჯერა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ირაკლი კობახიძის იმიტომ, რომ თავად კორუფციაზე დგას მთლიანად ივანიშვილის რეჟიმი. ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „კლანური" დაპირისპირება და იმ ფულის გადანაწილება, რომელიც ახლა ირაკლი კობახიძის ხელში უნდა კონტროლდებოდეს. ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში რეგისტრირდება არის არა ქვეყნის, არამედ რეჟიმის ინტერესი. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს რეჟიმის შიდა „კლანურ" დაპირისპირებას და იმ სიყალბეს, რასაც კორუფციასთან ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა აქუბარდიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×