
საზოგადოება თვალს ადევნებს სრულიად უსუსურ, პოლიტიკურად ყოველგვარი ენერგიისგან დაცლილ რადიკალების მცირე ჯგუფს, რომელიც იმუქრება და საზოგადოებას ეუბნება, რომ 4 ოქტომბერს ექნებათ საზოგადოების მიმართ ძალმომრეობა , - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ყველა, ვინც ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ წავა და ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, სწორ და სამართლიან პასუხს მიიღებს.
„ეს არის პირდაპირ სამართლებრივი მოცემულობა, რომ ყველა, ვინც გაბედავს და კონსტიტუციაზე, ქვეყნის მშვიდობაზე, მშვიდობიან განვითარებაზე, ჩვენს საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, იქნება ეს 4 ოქტომბერი თუ სხვა დღე და მოახდენს ძალმომრეობას მათი ნების გამოვლენაზე, ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, სწორ და სამართლიან პასუხს მიიღებს",-განაცხადა დავით მათიკაშვილმა
ამასთან, მან მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტი, სადაც ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა, შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში მსჯელობა იქნება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ქვეყანას აწუხებს.
„საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს, მათ შორის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე და იქნება მსჯელობა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს",-განაცხადა მათიკაშვილმა.