
ლევან ხაბეიშვილი მაშინაც კი, როცა ხელისუფლება მილიონებს ფლანგავდა, საკუთარი ძალებით იბრძოდა ერთი პატარა გოგოს სიცოცხლის გადასარჩენად - დღეს კი ამავე გოგოს მამა მის წინააღმდეგ ცრუმოწმედ ჰყავთ გამოყვანილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიგოს „რა ხალხთან გვაქვს საქმე".
„მეგობრებო! ვიცი, რომ ბევრმა იცით ჩემი და ლევან ხაბეიშვილის მეგობრობის და ძმაკაცობის ამბავი და ისიც, რომ მუდმივად ერთად ვებრძოდით კორუფციას და ერთად ვცდილობდით ხალხის დახმარებას (რაც შეგვეძლო და როგორც შეგვეძლო - ჩვენი შეზღუდული რესურსებითა და შესაძლებლობებით!)
რაც ახლა უნდა მოგიყვეთ, ამის ამბის გამო, შეიძლება „ხაბე" ძალიან გამიბრაზდეს, მაგრამ ვთვლი, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს საზოგადოებამ რა ხალხთან გვაქვს საქმე...
რამდენიმე წლის წინ (თარიღს შეგნებულად არ ვწერ), ლევანი საკრებულოში მოვიდა ძალიან აღელვებული და ანერვიულებული და წუხდა, რომ მაშინ როდესაც მერიიდან მილიონობით ლარი კორუფციასა და ათას სისულელეზე იფლანგებოდა, ბიუჯეტიდან ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო თანხების მობილიზებას ბავშვების ჯანდაცვის პროგრამებისთვისა და დაფინანსებისთვის, რომ რამდენიმე დღე წვალობდა და ვერ მიეღწია, იმისთვის, რომ ერთ არაჩვეულებრივ პატარა, ლამაზ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა. საბოლოოდ, ყველა ჩაგვრთო და როგორც სჩვევია და ამ არაჩვეულებრივი გოგოს დახმარებას მიაღწია.
ეს ძალიან საყვარელი და მაგარი გოგო ხაბეს ცრუმოწმეებიდან ერთ-ერთის შვილია... (არ ვწერ არც მის სახელს, არც გვარს და მითუმეტეს არც მის ასაკსა და დიაგნოზს). დანარჩენი, ღმერთი იყურება ზემოდან. ხაბე - მართალი კაცი! ყველაფერი კარგად იქნება!!! იმარჯვებს მართალი ხალხი!" , - წერს ირაკლი ნადირაძე.