რეზონანსი
21.09.2025

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ აშშ-თან ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან დაიწყოს“.

კახა კალაძემ მედიასთან მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მონაწილეობის საკითხზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ეს პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული, რათა „მსოფლიომ სიმართლე გაიგოს“.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა არის, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიმართლე. ის მესიჯები, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან, გაჯერებულია სიცრუით, ქვეყნის წინააღმდეგ არის. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, თუნდაც აშშ-თან, გავაღრმაოთ მეგობრული ურთიერთობები, პარტნიორობა და ასე შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, თბილისის მერმა განმარტა, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, უსაფუძვლოდ აკრიტიკოს საქართველო.

„თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ან ანტიამერიკული გზავნილები გაგვეკეთებინოს. ჩვენ გვიწევს თავის, ქვეყნის, ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს დაცვა, როდესაც ვისმენთ ცრუ მესიჯებს, ცილისწამებას, მუქარას, ვინც არ უნდა იყოს, აშშ-დან იქნება, ევროპიდან თუ რუსეთიდან, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა, შეურაცხყოფა მიაყენოს და 80 ათასად გაყიდული კონგრესმენების მესიჯებით ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ... ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. მეგობრობა, პარტნიორობა, სტრატეგიული ურთიერთობები მარტო ცალმხრივად ვერ იქნება, ამას სჭირდება ორმხრივი იგივე დამოკიდებულება. ჩემი ქვეყანა ვიღაცამ თავის ინტერესებისთვის გამოიყენოს, გაწიროს, როგორც ეს მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ ამას არ და ვერ დავუშვებთ. არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. წინა ადმინისტრაციის პირობებში რაც იყო უსაფუძვლო, ტყუილი განცხადებები, რომელიც მუქარაზე, ცილისწამებასა და შეურაცხყოფაზე იყო დაფუძნებული, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ ვამბობთ, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×