
ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც ჩანს, როგორ გაუსწორდა 15 სექტემბერს ფიზიკურად არასრულწლოვანს ლევან ჯობავა და აქციის კიდევ ერთი მონაწილე. კომენტარი თემაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
„ბუნებრივია, ჩვენთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლენა მიუღებელია. კიდევ უფრო მეტად მიუღებელია მოცემულობა, როდესაც ცდილობ, ტყუილი უთხრა საზოგადოებას. ჩანს, რომ არასრულწლოვანს 2 კაცი ფიზიკურად უსწორდება და შემდგომ ამ ყველაფრის გასაღება ხდება იმ სოუსით, თითქოს რადიკალები არ უნდა დაისაჯონ იმ ძალადობისთვის, რაც ჩაიდინეს, რომ თითქოს, ეს ყველაფერი იარაღის წართმევის მიზნით იყო გაკეთებული. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი და კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ რადიკალიზმის, ლიბერალური ფაშიზმის სახეს - როგორ არიან ძალმომრეობაზე გადასული ეს ერთი მუჭა ადამიანები“, - აცხადებს მათიკაშვილი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად არასრულწლოვანს ლევან ჯობავა და აქციის კიდევ ერთი მონაწილე. კადრები 15 სექტემბერს არის გადაღებული.