
22-23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიზე, შეიძლება ისტორიული გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქვეყანა პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას გეგმავს. კონფერენციაზე საქართველოც არის მიწვეული. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკვე გაემგზავრა აშშ-ში, სადაც სიტყვით გამოვა და შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებასაც დაესწრება.
„ყაველაშვილის მიწვევა იმის მანიშნებელია, რომ ამერიკაში არ არის პოზიცია, რომ მოდი საქართველოს ტრაგიზმი მოვუწყოთ. ევროკავშირი კი სულ სხვაა", - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას.
22-23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე რამდენიმე სახელმწიფო გეგმავს პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას, ესენია: ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, პორტუგალია, ბელგია, ლუქსემბურგი, მალტა, ანდორა და ავსტრალია. ბოლო ცნობებით, იგივეს აპირებს ბრიტანეთის ხელისუფლებაც, რომელიც ამ საკითხზე აქამდე ყოყმანობდა.
პალესტინის აღიარების კატეგორიული წინააღმდეგი არიან ისრაელი და აშშ, ევროპელი „მძიმეწონოსნებისგან" კი - გერმანია და იტალია.
სესიაზე გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტიერეშთან.
ყაველაშვილი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
ამას გარდა, ყველაშვილი ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვა.
პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება და საქართველოს პოზიცია
თსუ-ს პროფესორი და საგარეო ექსპერტი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ პალესტინის საკითხზე საქართველოს პოზიცია არც ისე მნიშვნელოვანია და ჩვენგან არც არავინ ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას.
„პალესტინის ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მის სახელმწიფოებრიობას არ სცნობდა. ახლა, როგორც ჩანს, ეს პოზიცია იცვლება. მართალია ყველა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის, მაგრამ მთავარია, რომ დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების რაღაც ნაწილი აზრს იცვლის. ეს ნიშნავს, რომ პალესტინელი ხალხის თავისუფლებას მხარს უჭერენ და საბოლოოდ ეს რა შედეგს გამოიღებს, ამას დრო გვიჩვენებს.
„სიმართლე რომ გითხრათ, ამ სიტუაციაში საქართველოს პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი არ არის და არც არავინ სთხოვს რაღაც პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენს ქვეყანას იმდენად სხვა პრობლემები აქვს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
პეტრე მამრაძე პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას ეჭვით უყურებს და ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში უკეთესია საქართველომ ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს.
„მსოფლიოს არაერთი მეცნიერი წერს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ მკვეთრად შეიცვალა. ამის მიზეზებზე საუბრობენ თავად ებრაელი სპეციალისტები და აღნიშნავენ, რომ ნეთანიაჰუმ, რომელსაც მასშტაბური კორუფციის გამო პატირობა ემუქრებოდა, პოპულიზმს მიჰყო ხელი. იქ არიან ადამიანები, ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ისარელი უნდა გახდეს დიდი, როგორც ბიბლიაშია და პალესტინა არ უნდა არსებობდეს. ამბობენ - ატომური იარაღი გვაქვს, ზესახელმწიფო ვართ რეგიონში და რატომაც არაო. აი, ამას მიჰყვა ნეთანიაჰუ და იმის მიუხევად, რომ დიდი დემონსტრაციები მოეწყო, მას ძალაუფლება დარჩა. ჯერ ერთი, რომ მისი და მთავრობის ბრალია რაც მოხდა 7 ოქტომბერს - ტერორისტული აქტი, რადგან არც ერთმა ინსტიტუმა არ იმუშავა და შემდეგ ის, რასაც ევროპაში იყენებდნენ და მას პალესტინელების გენოციდს უწოდებდნენ. „მთლიანი ღაზას სექტორი ფართობით თბილისის ნახევარია და მისი ნგრევა ამდენი წელიწადია გრძელდება. ამან ევროპისა და ამერიკის საზოგადოება ფეხზე დააყენა, რომ ეს ის ისრაელი არ არის, რომელიც დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს იცავს. საუბრობენ იმაზე, რომ ნეთანიაჰუ საშინელ გენოციდს ახორციელებს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დარჩეს.
„კი, ევროპას შეუძლია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება, მაგრამ მერე? რამეს გააკეთებენ? ძალიან მეეჭვება და მგონია, რომ შეიძლება უფრო ტრაგიკულად განვითარდეს მოვლენები. ძალიან რთული ვითარებაა. მე შეგახსნებთ, თავის დროზე როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ბორის ჯონსონი ლონდონიდან ვარშავაში ჩავიდა, მერე იქიდან კიევში და განაცხადა, რომ ჩვენ შევქმენით ღერძი - ლონდონი-ვარშავა- კიევიო. რამე შექმნილა? არაფერი მსგავსი, მხოლოდ ლაპარაკი.
„ამ შემთხვევაში საქართველოს პოზიცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. არ არის აუცილებელი ან წინააღმდეგი იყო, ან მომხრე. მე ჩვენს ხელისუფლებას ჭკუას ვერ ვასწავლი, მაგრამ ვურჩევ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ. ისარელთან კონფრონტაცია, მრავალი მიზეზის გამო, არაფრით გვაწყობს ისევე, როგორც დასავლეთთან. ასე რომ, ვნახოთ რას მოიმოქმედებენ", - თქვა მამრაძემ.
რა გზავნილია ტრამპის მიღებაზე ყაველაშვილის მიწვევა
კორნელი კაკაჩია ფიქრობსს, რომ ყაველაშვილის მიწვევაში განსაკუთრებული არაფერია.
„მე ნამდვილად არ ვიცი, რა ფორმატშია ყაველაშვილი დაპატიჟებული, თუმცა აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. განსაკუთრებული იქნებოდა, თუ ცალკე დაპატიჟებდა. როგორც ჩანს, ეს გამიზნული და დაგეგმილი არ არის. მიღებაზე იწვევენ ყველა, ვინც სესიას ესწრება, ეტიკეტი ამას მოითხოვს. შესაბამისად, ამაში მნიშვნელოვანი არაფერია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
პეტრე მამრაძის აზრით კი, ევროკავშირისგან განსხავევებით, აშშ-ს ხელისუფლება არ არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი.
„ეს არ არის ამერიკის პასუხი ყაველაშვილის წერილზე. კოლეგებისგან ვიცი რა სიტუაციაა თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში და იმის ალბათობა, რომ ტრამპი წერილს გაცნობოდა, ან ვინმეს წაეკითხა, ძალიან მცირეა. ყაველაშვილის მიწვევა იმის მანიშნებელია, რომ ამერიკაში არ არის პოზიცია, რომ მოდი საქართველოს ტრაგიზმი მოვუწყოთ. ევროკავშირი კი სულ სხვაა. ფაშინიანი და ალიევი შანხაის კონფერენციაზე იყვნენ, მარტა კოსი ჩავიდა ამ ორ ქვეყანაში და საქართველოში არა. რატომ? ვერ მოინელეს ის, რომ საქართველომ შეძლო მათთვის შანტაჟის ბერკეტების ხელიდან გამოცლა.
„ეს არის პროტოკოლური შეხვედრა, არ არის დიდი პოლიტიკური ღონისძიება, თუმცა, რა თქმა უნდა, ოპიზიციისთვის დიდი ლახვრის ჩაცემაა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".