
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა, რომლის ფარგლებშიც შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა. ეს იყო ბოლო პერიოდში პოლიტიკურ კონტექტში ივანიშვილის პირველი საჯაროდ გამოჩენა, რომლის ამსახველი კადრებიც პარტიამ თავადვე გაასაჯაროვა. რა გზავნილია ეს ივანიშვილისა და „ოცნების“ მხრიდან?
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ესაა დემონსტირება იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ ევროპა არაა.
ოპოზიცია შეხვედრის ფორმატს აკრიტიკებს. მათი შეფასებით, შეხვედრას ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც შესაბამისი ოფიციალური სტატუსი არ აქვს და მეორეხარისხოვნად მოსჩანდნენ შეხვედრაზე მყოფი პრემიერი ირაკლი კობახიძე და მთავრობის სხვა წევრები.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის პაატა მანჯგალაძის თქმით, „ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ხელისუფლება აღარ არსებობს, ქვეყანას მართავს ერთი პირის მსახურების დაჯგუფება, რომელსაც ხალხი და მისი მომავალი არ აინტერესებს“.
შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:
„სახელმწიფო რომ გაუქმდა, თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ოფიციალური უცხოელი ვიზიტორის მიღება გადაიქცა სამარცხვინო პაროდიად!
„მთავრობა, პარლამენტი, ყველა გაჰქრა, ბიძინას მონებად წარდგნენ ყველას დასანახავად!
„ფულზე გაყიდულნი, ღირსება გაყიდულნი“, - წერს ზურაბიშვილი.
ოფიციალური განცხადებები
„ოცნების“ ცნობით, შეხვედრას პრემიერ ირაკლი კობახიძისა და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის გარდა ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძრვანელი ლევან ჟორჟოლიანი. პარტიის მიერ გავრცელებული ფოტო-ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ივანიშვილმა არაბულ დელეგაციას საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა.
„მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრისას ივანიშვილმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.
„ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში.
„ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის. ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ნაჰაიანმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6-მილიარდი დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი დაესწრნენ.
ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ კონტექსტში
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, ივანიშვილმა არაბულ დელეგაციასთან შეხვედრით აჩვენა ის, რასაც აქამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ისედაც საჯაროდ ლაპარაკობდნენ - რომ საქართველოს საგარეო კურსი მრავალვექტორულია.
„არ მგონია ივანიშვილი დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ამ კადრებს მეორე მხარე არ გაასაჯაროვებდა და ამიტომ ამჯობინა, რომ თავად გაესაჯაროვებინა. ეს ერთი და მეორე ვარიანტი შეიძლება ის იყოს, რომ მან არაბებთან ურთიერთობით აჩვენა ის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი კურსი მარტო ევროპა არაა, როგორც თავად ამბობენ. ის ამით მემგონი იმ საერთო განწყობას შეუერთდა, რაც ხელისუფლებას აქვს და რაც იმას გულისხმობს, რომ არაბულ სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობები უფრო მჭიდრო იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, არაბებთან ურთიერთობის იდეის ავტორი ივანიშვილია და ეს ევროპისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველო მხოლოდ ევროპაზე არაა ორიენტირებული.
„ადრე ჩინეთთან ურთიერთობა გაასაჯაროვეს. ჭორად გამიგია, რომ ჩინეთისკენ ორიენტაციის იდეაც ივანიშვილს ეკუთვნისო. ვვარაუდობ, რომ არაბებთან ურთიერთობის იდეური მამა აგრეთვე ივანიშვილი უნდა იყოს.
„შემთხვევითი არაა, რომ სახლში ესტუმრნენ. ამ ნაბიჯების უკან რა პოლიტიკური პოზიცია დგას, ეს მგონი ცხადია. ევროპამ რითაც შეეძლო დაგვსაჯა, კონკრეტულად ივანიშვილი არა, თუმცა, აგერ ინგლისი პიროვნებებზეა მიმდგარი.
„ევროპა ყოველმხრივ ცდილობს გვაგრძნობინოს, რომ მისთვის დღევანდელი ხელისუფლება მიუღებელია. ეს კი იყო იმის ჩვენება, რომ დედამიწაზე მარტო ევროპა არაა. იყო იმის ჩვენებაც, რომ თუკი დასავლეთი ამ პროცესებს მხარს აუბამს, შეიძლება ეს მისთვისაც სარგებლიანი იყოს. არაბულ ქვეყნებში ამერიკის ძალიან დიდი გავლენაა, თუკი ემირატებთან ურთიერთობა ლაგდება, ესე იგი ამერიკის თანხმობა აქვთ. ამიტომ შესაძლოა უფრო რთულ პროცესებთან გვქონდეს საქმე, ვიდე ჩანს. ვგულისხმობ პროცესებს, რომელთა საბილოო მიზანი იგივე ევროპა-ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებაა“, - განაცხადა საყვარელიძემ.
შეხვედრის ფორმატი
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ შეხვედრა უცნაურ ფორმატში შედგა, როცა ივანიშვილი იყო მთავარი, რომელსაც სახელმწიფო სტატუსი არ აქვს და კობახიძე და ქვრივიშვილი - მეორეხარისხოვანი.
„კონსტიტუციური და სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით, ივანიშვილი არაფერს არ წარმოადგენს, მას სახელმწიფო სტატუსი საერთოდ არ აქვს, ამიტომ ძალიან უცნაური რამ იყო. პირიქით რომ ყოფილიყო - რომ კობახიძე შეხვდა და შეხვედრას ივანიშვილიც ესწრებიდა, ეს მეტ-ნაკლებად გასაგები იქნებოდა, მაგრამ იყო საშინელება - შეხვედრა იყო ივანიშვილთან, რომელსაც კობახიძეც ესწრებოდა. ფაქტიურად, სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებმა დე ფაქტოდ არსებული ვითარება აღწერეს და თქვეს, რომ მთავარი ივანიშვილია და კობახიძე - მეორეხარისხოვანი.
„ამან ასეთი რამ განახსენა - ერთმა დამწყებმა დრამატურგმა ბერნარდ შოუს ჰკითხა რა განსხვავებაა ტრაგედიას, კომედიასა და დრამას შორისო. შოუმ უპასუხა - შენ რომ მაგას ვერ არჩევ, ეს ჩემთვის კომედიაა, მაყურებლისთვის დრამა და შენთვის ტრაგედიაო. როდესაც ივანიშვილი სხვა სახელმწიფოს პირველ პირთან მართავს შეხვედრას, რომელსაც თურმე კობახიძე ესწრება, ქვეყნისთვის ეს, სამწუხაროდ, ტრაგედიაა“, - განაცხადა ძაბირაძემ.
რამაზ საყვარელიძე კი გვეუბნება, რომ შეხვედრის ეს ფორმატი უცნაურობა საერთოდ არაა.
„არის მთავარი ის კაცი და რით ვეღარ მოინელეს, რომ მთავარია? რატომ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სტატუსი? დენ სიაოპინს, რომლის ინტელექტმა ჩინეთი გადაქცია იმად, რაც დღეს არის, ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს განმკარგველი იყო. სახელმწიფო სტატუსი მხოლოდ ინტელექტს არ გულისხმობს, იქ უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რომელიც ივანიშვილისთვის საინტერესო არაა.
„ფილმის ტიტრებში იდეის ავტორი სხვაა, სცენარის ავტორი სხვა და როლების შემსრულებლები სხვა. ივანიშვილი ქართული პოლიტიკის იდეის ავტორია, სცენარის ავტორები არიან მთავრობის წევრები, შემსრულებლები - მთავრობის უფრო ქვედა საფეხურები”, - ამბობს საყვარელიძე.
კითხვაზე, გამოიყურებიდა თუ არა უცნაურად ის ფაქტი, რომ ემირატების პრეზიდენტს შეხვდა არა საპარლამენტო ქვეყნის პირველი პირი, არამედ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„თუ გვინდა უცნაურად ჩანდეს, კი, ბატონო, მაგრამ დასკვნა რა არის? დასკვნა ისაა, რომ ესე იგი ივანიშვილს ამ ურთიერთობაში განსაკუთრებული ღვაწლი აქვს და მას სახლში ამიტომ ესტუმრნენ. ეს რატომ იწვევს გაღიზიანებას, რომ განსაკუთრებული ღვაწლი ჰქონდეს? თუ მაინცდამაინც პრემიერი უნდა იყოს? ერთი სული აქვთ კრიტიკა იყოს, მაგრამ ეს მათთვისაა წამგებიანი, თუკი ეს კონტაქტი არ გიხარია და აქცენტს იმაზე აკეთებ, თუ ვის სახლში მივიდნენ, ესე იგი საქრათველოც არ გიხარია”,- ამბობს საყვარელიძე.