თამთა ჩაჩანიძე
20.09.2025

პაატა ბურჭულაძემ „მშვიდობიანი დამხობა", „ალერსიანი ჩარეცხვით" ჩაანაცვლა. მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობისკენ" მოწოდება კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც კანონით ისჯება, რაზეც ბოლო დღეებში აქტიურად საბრობდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. „რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ „დაჭერობასნას თამაში მორჩა" და თუ ხელისუფლებას ამ შერბილებულ ფორმაზეც რაიმე საწინააღმდეგო ექნება, „ამ სიტყვებსაც მოეფერებიან".

მმართველ პარტიაში სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლზე მიუთითებენ, სადაც ვკითხულობთ, რომ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

15 სექტემბერს პროკურატურამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხის საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა, თუმცა, მოგვიანებით მას სწორედ 317-ე მუხლით წაუყენეს დამატებითი ბრალდება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ტერმინებით სპეკულირება 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს სასჯელს ვერ აარიდებს. თუმცა, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ქმედება რაც მშვიდობიანია და არაძალადობრივი, კანონიერი და კონსტიტუციურია.

„ალერსიანი ჩარეცხვა"

„რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ტერმინების შეცვლის ინიციატივით გამოდის.

„მაქვს ასეთი წინადადება - შევცვალოთ სიტყვები. აი, მაგალითად, მშვიდობიანი დამხობა - „მშვიდობიანი" „ალერსიანად" შევცვალოთ და „დამხობა" „ალერსით" და ვთქვათ, მოდით, ყველას მოგიწოდებთ, ალერსიანად ჩავრეცხოთ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნება". მემგონი ძალიან კარგი იქნება.

„თუ ამაზეც რამე საწინააღმდეგო ექნებათ, გთხოვთ, გვითხრათ და ჩვენ ამ სიტყვებსაც რამენაირად მოვეფერებით. მათ ხალხის ეშინიათ, სიტყვების კი არა და უნდათ დააშინონ - აი, დაგიჭერთ და რამდენი უნდა დაიჭიროთ, მორჩა ეს დაჭერობანას თამაში", - ამბობს ბურჭულაძე.

რას ამბობენ „ოცნებაში"

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის აქციასა მის ორგანიზატორებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს „შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა განცხადებული მიზანიცაა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი კი პირაპირ ამობს, რომ „მშვიდობიანი დამხობისკენ" მოწოდება უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ყველაფერი, რაც ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და, რაც მთავარია, ძალადობრივი. იმიტომ, რომ რევოლუცია, დამხობა და სხვადასხვა პროვოკაციებით ხელისუფლების ცვლილება არის ხალხის ნებაზე ძალადობა, ყველანაირი ძალადობა კი არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონსაწინააღმდეგო.

„ყველა ის პოლიტიკური ე.წ. პარტია, რომელიც აცხადებს, რომ შეიძლება მშვიდობიანი დამხობა და ლამაზი რევოლუცია, ყველა ეს ადამიანი თუ სუბიექტი ანტიკონსტიტუციურ და კანონსაწინააღმდეგო მოწოდებას აკეთებს", - ამბობს წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×