იქნება თუ არა მეორე ტური და რომელი კანდიდატისგან უნდა ველოდოთ სიურპრიზებს
მარიამ ვეკუა
20.09.2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, თბილისის მერობაზე მთავარ ფავორიტად კვლავ მოქმედი მერი კახა კალაძე მიიჩნევა. ამ შეფასებას ოპოზიციაშიც ეთანხმებიან. შესაბამისად, თბილისში მთავარი ინტრიგა ისაა, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე და საჭირო გახდება თუ არა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა.

მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი არჩევნებზე მეორე ადგილის დაკავებაა და თვალსაზრისით თავის მთავარ კონკურენტად „ლელო - ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთობლივ კანდიდატ ირაკლი კუპრავას მიიჩნევს.

გარდა ამისა, ხვიჩია აცხადებს, რომ თუ ის მეორე ადგილზე გავა, მაშინ, დიდი ალბათობით, თბილისში მეორე ტური დაინიშნება.

„სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის, ჩემსა და ბატონ კუპრაძეს შორის. იმიტომ, რომ პირველ ადგილზე პირველ ტურში გასაგებია, რომ კალაძე იქნება, საუბარი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. კითხვა, ვინ გავა მეორე ტურში და იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს. შესაბამისად, 5 ოქტომბერზე რადგან მეკითხებით, მე მინდა, 5 ოქტომბერი იყოს ისეთი, როდესაც ქართველი ხალხი, თბილისელები მიხვდნენ, რომ უკეთესი კანდიდატი ვარ, ვიდრე ბატონი კუპრაძე, მიუხედავად „ლელოს" რესურსებისა, და მომცემს საშუალებას, გავიდე მეორე ადგილზე. მე თუ მეორე ადგილზე გავდივარ, მაშინ მეორე ტური არის ისედაც", - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება მეორე ტურის ალბათობას, წინა არჩევნებზე, 2021 წელს, მერის ასარჩევად მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. მაშინ პირველ ტურში კალაძემ ხმების 45% მიიღო, მისმა უახლოესმა მდევარმა, ენმ-ის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ კი - 34%.

მეორე ტურში კი კალაძემ 55.6% მიიღო.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის: მოქმედი მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ლელო - ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, იაგო ხვიჩია „გირჩიდან", პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის" („ალტ-ინფო") ლიდერი ზურა მახარაძე, გიორგი გაჩეჩილაძე „მწვანეთა პარტიიდან", „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ოთარ ჭითანავა „პატრიოტთა ალიანსიდან", „საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი ლილუაშვილი და თეიმურაზ ჩიკვილაძე პარტიისგან „მამული, ენა სარწმუნოება".

ვინ იქნება მეორე ადგილოსანი და იქნება თუ არა მეორე ტური

ანალიტიკოსი ედეიშერ გვენეტაძეს დარწმუნებულია რომ მეორე ადგილზე „ლელო - ძლიერი საქართველოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე გავა, კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს ასე, გვპასუხობს:

„ჩემი აზრით, მეორე ადგილზე ხმების რაოდენობით გავა ირაკლი კუპრაძე. ამას ვამბობ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე - დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით ბევრ ფინანსურ რესურსს ფლობენ, ბევრი ფული აქვთ და უკეთეს საარჩევნო კამპანიასაც ატარებენ. მეტი არაფერი", - განაცხადა გვენეტაძემ.

იგი სხვა ოპოზიციონერი კანდიდატებისგან სიურპრიზებს არ ელოდება.

„რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მე პირადად არ ველოდები მათგან რაიმე სიურპრიზს. ჩემი აზრით, გამორიცხულია, რომ თუნდაც მახარაძე ვიხილოთ მეორე ადგილოსნად. რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, მას დღევანდელ ვითარებაში იგივე პერსპექტივა აქვს. როგორ გითხრათ... იაგო რომ გაიყვანო მაიკ ტაისონთან რინგზე, დაახლოებით იგივე შანსები და პერსპექტივებია. რას გააკეთებს ტაისონთან, ეს ყველამ კარგად ვიცით."

კითხვაზე, ჩაინიშნება თუ არა მეორე ტური ,ანალიტიკოსი გადაჭრით გვპასუობს: „გამორიცხულია, მეორე ტური არ ჩაინიშნოს, რადგან კალაძე გამოკვეთილი ლიდერია"

ამავე აზრზეა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძეც, ამბობს, რომ მეორე ტურის ჩანიშნვას არ ელოდება, ხოლო მეორე ადგილზე ირაკლი კუპრაძე გავა.

„ვფიქრობ, სავარაუდო მეორე ადგილზე გავა „ლელო"-გახარიას კანდიდატი ირაკლი კუპრაძე, რადგან მათი ამომრჩევლების ნაწილი აპირებს არჩევნებზე მისვლას. შესაბამისად, დიდია შანსი, რომ ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ.

„რაც შეეხება იაგო ხვიჩიას, მას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. საკრებულოში დეპუტატების წარდგენითაც მხოლოდ „ლელოსა" და გახარიას ალიანსის კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს შანსი."

ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ამ არჩვნებზე მთავარი ის კი არ არის, თუ ვინ გაიმარჯვებს ან ვინ გავა მეორე ტურში, არამედ ის, თუ რამდენად ლეგიტიმურია ის.

„მთავარი კი ის არ არის, ვინ გაიმარჯვებს ან ვინ გავა მეორე ტურში, არამედ რამდენად ლეგიტიმური იქნება არჩევნები და რამდენი ადამიანი მივა უბნებზე. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება" ეცდება ბიულეტენების ჩაყრას და შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს 50%-ზე მეტი ამომრჩეველი გამოცხადდა", - განაცხადდა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×