
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვერტმფრენი "ჩეკერსში" დაეშვა, კორტეჟი გაერთიანებული სამეფოს პრემიერის საზაფხულო რეზიდენციისკენ გაემართა.
დონალდ ტრამპს კირ სტარტერმა უმასპინძლა, ლიდერებმა მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გამართეს. მედია წერს, რომ მხარეებს შორის დიალოგის მთავარი საკითხები რუსეთ-უკრაინის ომი, ღაზაში არსებული ვითარება და საგარეო ვაჭრობა იყო.
ბრიტანეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეორე ოფიციალური ვიზიტის შემადგენელი ნაწილი იყო სტუმრობა უინძორების სასახლეში.
სასახლეში გაერთიანებული სამეფოს მონარქთან შესახვედრად დონალდ ტრამპი ცხენებშებმული ეტლით გაემგზავრა. მას ჩარლზ მესამე არმიის, ფლოტის და საჰაერო ძალების 1300 კაციანი შემადგენლობით დახვდა.
ამერიკელი მოკავშირის პატივსაცემად, უინძორების სასახლეს როიალ ეარ ფორსის ""ეფ 35""-ის ტიპის გამანადგურებლებმა ""წითელმა ისრებმა"" გადაუფრინა. ბრიტანული მედია წერს, რომ სწორედ ამ ღონისძიებაზე ტრამპმა უხეშად დაარღვია ეტიკეტი და მონარქს ზურგზე ხელი რამდენჯერმე შეახო.
ბრიტანული ტრადიციით, მონარქთან შეხება აკრძალულია.
ვიზიტის ცენტრალური მოვლენა ბანკეტი გახდა, რომელიც უინძორების სასახლის სეინტ ჯორჯის ჰოლში, საღამოს გაიმართა. მენიუში ბრიტანული და ამერიკული კერძები იყო წარმოდგენილი. ჩარლზ მესამემ ტრამპის სადღეგრძელო წარმოთქვა. ამერიკის ჰიმნის დროს კი, 160 სტუმარი ფეხზე წამოდგა.
გაერთიანებული სამეფოს მეფემ საზეიმო ვახშამზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.
ვახშმის შემდეგ, დონალდ და მელანია ტრამპები სეინტ ჯორჯის ეკლესიაში გაემგზავრნენ, სადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორეა დაკრძალული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მისი განსასვენებელი გვირგვინით შეამკეს.
ლონდონში ტრამპის სტუმრობას პროტესტიც მოჰყვა. , აქციების ორგანიზატორი მოძრაობა "სთოფ ტრამპ კოალიშენი" იყო. ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯეფრი ეფშტეინთან ნაცნობობაც შეახსენეს, და უინძორის რეზიდენციის კედლებზე პროექტორით მათი საერთო ფოტოები აჩვენეს. აქციის რამდენიმე მონაწილე, პოლიციამ დააკავა.