
ვხედავთ, რომ ამ არჩევნებით რამე ცვლილებების მოტანის რესურსი არ არსებობს. ამ არჩევნებს რაიმე ლეგიტიმაცია საერთაშორისო და საზოგადოების დიდი ნაწილისგან არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნების ჩატარებით უბრალოდ არანაირი თეორიული შანსი არ გაიჩინა ორმა პარტიამ, რომ რაღაც ცვლილებები მოეტანა ქვეყანაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.
მან ისაუბრა გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის დასრულებასთან დაკავშირებით, ცქიტიშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის მაღალი კოორდინაცია უნდა ყოფილიყო, რათა თვითმმართველობის არჩევნებზე ცვლილებების შანსი გაჩენილიყო.
"ეს არ არის ორდინალური არჩევნები, ეს არ არის ტაქტიკური, ერთ-ერთი დემოკრატიული ეტაპი, როდესაც შესაძლებელია არჩევნებით ან გააუმჯობესო, ან გააუარესო პარტიული მდგომარეობა ან თუნდაც დააკორექტირო დემოკრატიული სვლა. ეს არის ძალიან ფუნდამენტური მომენტი იმისთვის, თუ როგორ იქნება ქვეყანაში არჩევნები გამოყენებული. მე მითქვამს კიდეც არაერთხელ, რომ ზოგადად მომხრე ვარ ინსტიტუციურ-დემოკრატიული გზით ცვლილებების, მაგრამ ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ამ ცვლილებებს ჰქონოდა რამე თეორიული ან პრაქტიკული შანსი, უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის. არა ერთობა, რაც შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყო, არამედ კოორდინაცია იმისთვის, რომ მართლაც შესაძლებელი გამხდარიყო ბრძოლა ბრძოლისთვის და არა ბრძოლის სიმულაცია.
დღეს რაც ხდება, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არჩევნებით რამე ცვლილებების მოტანის რესურსი არ არსებობს. ამ არჩევნებს არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია საერთაშორისო და საზოგადოების დიდი ნაწილისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნების ჩატარებით უბრალოდ არანაირი თეორიული შანსი არ გაიჩინა ორმა პარტიამ იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები მოეტანა ქვეყანაში", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, მაშინ რატომ მონაწილეობს "ლელო - ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" არჩევნებში, თუ ცვლილებები ვერ მოხდება, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ "ლელო - ძლიერ საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" არჩევნების შედეგად ძალაუფლების გამოგლეჯასა და ეტაპობრივ ცვლილებებს პროგნოზირებენ, თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს რეალურად ასე არ არის, რადგან პოლიტიკური სპექტრი ძალიან ცუდი სცენარით წავიდა.
"სხვადასხვა ვერსიაა, ორი სხვადასხვა ნარატივია და რიტორიკა. ერთი უფრო საუბრობს, რომ არის შანსი ძალაუფლების გამოგლეჯის, მეორე საუბრობს, რომ ეს არის ეტაპობრივი ცვლილებების შანსი. რეალურად კი, არც ერთია და არც მეორე.
დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარით წავიდა პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის არც დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება მიმჩნია სწორად, როდესაც ფრაგმენტულია პოლიტიკური სპექტრი.
ჩემთვის ეს ძალიან ფუნდამენტური საკითხია, ძალიან ღირებულებითი საკითხიცაა - როგორ ვხედავ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა მომავალს და აქამდე კიდევ ვიტოვებდი რესურსს, რომ რაიმე ცვლილებები მაინც მომხდარიყო იმიტომ, რომ ბევრი დამატებითი კომპონენტი გამოჩნდა, რომელიც იყო სიგნალი, რომ ასეთი არჩევნები არ შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის, ბოლო იყო ეუთოს გადაწყვეტილება, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში ეს არჩევნები არ არსებობს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.