
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" თავმჯდომარემ, „საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" (GCRT) დირექტორი ლელა ცისკარიშვილი ე.წ. საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, გამოკითხვა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით იყო.
ლელა ცისკარიშვილის თქმით, ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მას შემდეგ, რაც დაიწყო „რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, იხდის აქციებში მონაწილე მშვიდობიანი მანიფესტანტების ადმინისტრაციულ ჯარიმებს. თუ გახსოვთ, ზაფხულში მოეწყო უზარმაზარი კონცერტი, სადაც საქართველოს მოქალაქეები რიცხავდნენ ფულს. შემდეგ უკვე ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს „თიბისი" ბანკმა და „საქართველოს ბანკმა" გადმორიცხეს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" თანხა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების ჯარიმების გადახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო გამოკითხვა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მისია არის საქართველოში უფლებადამცველების მხარდაჭერა, გაძლიერება, ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნის გავრცელება და სწორედ ამ უფლებადამცველების და აქტივისტების საქართველოს მოქალაქეების, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანების მხარდაჭერა, მათ შორის მათი ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საქმიანობა.
არ ხდებოდა არანაირი ძალადობრივი ქმედების წახალისება, ძალადობა ჩვენ ვნახეთ, როდესაც აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს. ასი დაზარალებული პროკურატურის მიერ ცნობილი და არცერთი დამნაშავე არ გვინახავს. ეს საქმეები გამოიძიოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ", - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მოგვიანებით, საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.