
რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარე იალბუზის ფერდობზე, საბაგირო გზის ბაგირის გაწყვეტას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა 12 სექტემბერს, იმ დროს მოხდა როდესაც საბაგირო გზით 37 ტურისტი სარგებლობდა და ადამიანების ნაწილი სავარძლებთან ერთად კლდეებზე დაენარცხნენ. 25 ადამიანი ზურგჩანთებისა და თბილი ტანსაცმლის გარეშე მთაზე, თოვლში აღმოჩნდა და ღამის გათევა ყინვაში, ცივ თავშესაფრებში მოუწიათ.
საბაგირო, რომელიც კომპანია “MKD Elbrus“- ს ეკუთვნის, საბჭოთა დროინდელი ხაზის ბოლო ეტაპი იყო და ტურისტები და მთამსვლელები დაახლოებით 3700 მეტრის სიმაღლეზე მდებარე საბაზო ბანაკის რაიონში აჰყავდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს იძიებს, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დაკავებულია “MKD Elbrus“-ის გენერალური დირექტორი და მთავარი ტექნიკოსი.
გამოძიების ცნობით, ხაზზე სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა და მისი გამოყენება აკრძალული იყო.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ავარიის ამსახველი კადრებიც, სადაც ჩანს როგორ ვარდება ძირს სავარძლები და ისმის ადამიანების ყვირილი.