
ეს ინიციატივა, რომელიც დღეს გაჟღერდა არის მორიგი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საპარლამენტო ინიციატივაზე საუბრისას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო იყოს მსოფლიო სამეულში. საზოგადოება ხედავს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ბევრი რამ კეთდება. ბოლო გახმაურებული შემთხვევები, რომელიც კორუფციული დანაშაულის ფაქტებზე დაკავებებს გულისხმობს, ამის დასტურია.
მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია მოწმდება და როდესაც საჯარო მოხელე მიდის საჯარო სამსახურიდან, მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხდება მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევებშიც, როდესაც მოხელე სამოხელეო დანაშაულის ჩადენაშიც არის მხილებული. შემდგომ მონიტორინგი აღარ ხორციელდება. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ვინმეს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს, რომ იგი რაღაც კორუფციულ დანაშაულს ჩაიდენს, სასჯელს მოიხდის და ამის შემდეგ მოახდენს მიტაცებული ქონების ლეგალიზებას, ეს ინიციატივა ამასაც გამორიცხავს.
ეს არის ერთ-ერთი პრევენციული ზომა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ.
რაც შეეხება უკუქმედით ძალას,ა მ საკითხზე იქნება მსჯელობა. ეს საკითხი მხოლოდ ახლა დაინიციირდა და განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ ყოფილ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო, ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.