რეზონანსი
16.09.2025

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი, „მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ“.

„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, მშვიდობიანად გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. ვინმე თუ აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც. ამას ვერ შეაჩერებენ. ორი ვარიანტი აქვთ, მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა: „ცოტათი მაინც თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ, რომ აქცია იყოს მართვადი, რომ ხალხი არ იყოს უმართავი, თორემ ჩვენ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში“.

ბურჭულაძე ამბობს, რომ მათი სურვილია, მშვიდობიანად დაამხონ ბიძინა ივანიშვილი.

„ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი. მოგვეცით საშუალება, ეს მშვიდობიანად გავაკეთოთ. ყველას თუ დაგვიჭერთ, ხალხი გამოვა და ნახავთ, რა მოგივათ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იქნება სამი ლოკაცია. ამავდროულად, განაცხადა, რომ იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება.

„ჩვენ უნდა გვქონდეს სამი ლოკაცია. ამ ლოკაციებს მოგვიანებით ვიტყვით. ველოდებით 200-დან 300 ათასამდე ადამიანს. პირველი საკითხი იქნება: გინდა თუ არა, ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა? დარწმუნებული ვარ, ყველა იტყვის: კი. იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენს ხელში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ. 4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ არის. ყველაფერი გამოცხადდება. ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება. 

მშვიდობას უნდა ბრძოლა, თორემ გამოსვლით და „ძირს ოლიგარქიის“ ძახილმა უკვე თავისი დრო მოჭამა. ბრძოლა ბოლომდე, არ უნდა დავნებდეთ. ჩემი აზრით, 8:00 საათზე უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან, არჩევნები ტყუილად ტარდება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×