რეზონანსი
15.09.2025

ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ეს არის მომავლის ეკონომიკა და აღნიშნული პროცესები დიდი გავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდაზე - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილმა „იმედის დილაში“.

მისივე თქმით, სტრატეგიულ სექტორებში განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას.

„არის კიდევ ორი მიმართულება, რომელსაც მე გამოვყოფდი - ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულია და სინერგიას ქმნის. პირველი ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი - ამის გამოყენება მსოფლიო ეკონომიკის მოდელში ქმნის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. ინოვაციების და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საწყის ეტაპზე ჩვენ ვართ მომსწრე მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის. ამიტომაც, განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას ეკონომიკის სექტორებში. ცოტა ხნის წინ ჩინეთში მქონდა ვიზიტი და ასეთი სინერგია ადამიანური რესურსის, მატერიალური რესურსის და თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ეკონომიკურ სექტორებში ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო. ეს ყოველივე ქმნის პროდუქტიულობის ზრდის უპრეცედემტო შესაძლებლობებს და ქვეყნების ეკონომიკებს კონკურენტუნარიანს ხდის. ჩვენს შემთხვევაშიც ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ შევძლოთ ამ ელემენტების დანერგვა სტრატეგიულ სექტორებში და განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას, რადგან ეს არის მომავლის ეკონომიკა.

მაგალითად მე შევადარებდი, როდესაც პირველად ინტერნეტი შემოვიდა თუ რა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ზრდაზე და გარდაქმნაზე. სწორედ ასეთივე გარდაქმნას მოახდენს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება. თუმცა, ამას აქვს მეორე მხარე, ასეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და კერძოდ ამ მიმართულებას ჭირდება ჭარბი ენერგორესურსი. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკაში ქვეყნებს, რომელთაც ექნება ენერგოუსაფრთხოება და ხელმისაწვდომი ენერგორესურსები, ექნებათ კონკურენტული უპირატესობა მომავლის ეკონომიკაში და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული სექტორი გახდეს სტრატეგიული სექტორი და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველ რიგში, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების და შემდგომ ხელმისაწვდომი ენერგორესურსის უზრუნველყოფისთვის, რადგან აღნიშნული დარგის წარმატებით განვითარება ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითრებას ქვეყანაში, რომელიც თავის მხრივ თანმხლებ ეკონომიკურ სექტორებს და სამუშაო ადგილებს აჩენს. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ყოველივე ამას და დიდი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით - საინვეტიცოდ უაღრესად მნიშვნელოვანია და კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე სტრატეგიულ სექტორებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს სექტორები წარმოადგენს ეკონომიკის წინა ხაზს.

„ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები, დეველოპმენტი, ტურიზმი - ეს არის ეკონომიკის წინა ხაზი. მაგრამ ამას სჭირდება ზურგი. სწორედ ფინანსური და განათლების სექტორები წარმოადგენენ რეალური ეკონომიკის ზურგს. ამ ორმა სექტორმა ეკონომიკა უნდა უზრუნველყოს განვითარების შესაძლებლობებით. რაც შეეხება ფინანსურ სექტორს, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან სტაბილური ფინანსური სექტორი გვაქვს. თუმცა გვჭირდება კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამისთვის საჭიროა კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარება. და ეს სექტორები, რომელიც მე ჩამოვთვალე ყველა ზრდის მაგენერირებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორი პოზიციონირების შემთხვევაში შესაძლებელია საინვესტიციო ფონდების კიდევ უფრო განვითარება სექტორების მიხედვით. კაპიტალის მოზიდვა ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარია მოდელირება გავუკეთოთ სექტორებს, რომ მათ ზრდის გენერირება შეუძლიათ. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინვესტორებს დავანახოთ თუ ზრდის რა პოტენციალი აქვთ მათ“ - აღნიშნა ბერეკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×