
დაკავების საფუძველი არის აბსურდული და მისი დაკავება ნათლად მეტყველებს, რომ რეჟიმი შეშინებულია - მურთაზ ზოდელავა პოლიტიკური პატიმარია და არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მისი დევნისა და დაკავების, არ არსებობს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი „პოლიტიკური შეკვეთის" ნაწილია, რადგან „რეჟიმი შეშინებულია, შიდა ინფორმაციის გამოდინებით".
„მურთაზი მხნედ არის. დაკავების საფუძველი არის აბსურდული და მისი დაკავება ნათლად მეტყველებს, რომ რეჟიმი შეშინებულია. იმით, რომ შიდა რღვევის პროცესი შეინიშნება, ინფორმაციის არა მარტო გაჟონვა, არამედ ინფორმაცია მიედინება და ამის დასტური იყო ის, რაც დღეს განახორციელეს.
იურიდიულ კაზუისტიკას, მტკიცებულებებს, სისხლის სამართლის კოდექსს და ა.შ. მნიშვნელობა ამ ქვეყანაში დაკარგული აქვს, როდესაც პოლიტიკურ შეკვეთას აქვს ადგილი, ის პოლიტიკური პატიმარია და არანაირი სამართლებრივი არგუმენტი მისი დევნისა და დაკავების არ არსებობს.
როდესაც ტელეფონის ფაქტზე საუბრობდა სუს-ის წარმომადგენელი, მაშინ სასაცილო იყო და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ინფორმაციას ვისმენ კიდევ უფრო სასაცილოა. დაშვებაც რომ გავაკეთოთ, რომ მობილური ტელეფონი ლევანმა გადასცა მურთაზს, დანაშაულია? რაც შეეხება სუს-ის თანამშრომლების დაზიანებას, ეს არის სასაცილო რამ, თუ ამას არწმუნებს იქ მყოფი ოპერი, აქ მყოფ უფროსს, ძალიან ცუდად ყოფილა სუს-ის საქმე. კადრები არსებობს, როდესაც მურთაზი მათ მანქანაში ზის და მათ ეუბნება, რომ -"სანამ ტელეფონს არ დამიბრუნებთ, არ დაგტოვებთ", მურთაზი პირიქით ეუბნება და რომელ წინააღმდეგობასა და პოლიციაზე ძალადობაზეა საუბარი. კადრები გაავრცელეს, როდესაც მურთაზი ვინმეზე ძალადობდა?!"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა არიან დაკავებულები, ამავე პარტიის სხვა ლიდერები და წევრები იმყოფებიან.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა; დაკავების დროს ასევე მურთაზ ზოდელავაც დააკავეს.
როგორც სუს-ში განმარტეს მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს სუს-ში.