
ორი კურდღლის დაჭერა უნდოდათ დღეს: ხაბეიშვილის თემა გადაეფარათ და ასევე, უნდათ, ორი კალამი მიაწოდონ ბურჭულაძეს ხელში და უთხრან, რომ ღარიბაშვილის მექრთამეობაზე ან რაღაც დანაშაულზე, რაც იცი, ყველაფერი დეტალურად დაგვიწერე - ღარიბაშვილს უტრიალებენ, ღარიბაშვილის დანიშნული იყო ბურჭულაძე, - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში" განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნებისთვის" კორუფცია პრობლემა არ არის „უბრალოდ, ფეხებში გაეხლართათ ირაკლი ღარიბაშვილი".
„ჯუანშერ ბურჭულაძე იყო გაქანებული მექრთამე, თავდაცვის სამინისტროში არაფერი სხვა არ უკეთებია. ყველა მექრთამეა „ქართულ ოცნებაში" და როცა საჭიროდ ჩათვალეს, მაშინ დააკავეს. მექრთამე რომ იყო, ყველამ იცოდა, მაგრამ დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხაბეიშვილის დაჭერა გადაეფარათ. ეს იყო და ეს. არ მგონია, რომ მარტო მილიონი მოეპარა ჯუანშერს, ღრმად პატივცემულს.
ბოლო დროს „ქართული ოცნების" ტიპები ხან მხარს აიტკივებენ ხოლმე, ხან სადღაც უცბად თავის მოკვლას გადაწყვეტენ და დღეს რა თქვეს? ბურჭულაძე წაიქცა სახლშიო და ტვინის შერყევა ჰქონდა, „ვივამედში" მივიყვანეთო. არ გამორიცხოთ, რომ კარგი დაბეთქვილი იყოს ჩვენი ბურჭულაძეც და ისე მიიყვანეს ციხეში.
ორი კურდღლის მოკვლა უნდოდათ დღეს: ხაბეიშვილის თემა გადაეფარათ და უნდათ, რომ ორი კალამი მიაწოდონ ბურჭულაძეს ხელში და უთხრან, რომ ღარიბაშვილის მექრთამეობაზე ან რაღაც დანაშაულზე რაც იცი ყველაფერი დეტალურად დაგვიწერე. არ მგონია ბურჭულაძე ის კაცი იყოს, კალმები არ მოითხოვოს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე პოლიტპატიმარი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არა.
„არა, რა პოლიტპატიმარი. პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული, თორემ კორუფციასთან ბრძოლა რომ უნდოდეს „ქართულ ოცნებას" თავის თავი სრულად უნდა დაიჭიროს, „ოცნებაში" დამლაგებელი და დარაჯიც არაა, რომელიც რაღაც არ იპარავს",- განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაკავებასა და ბრალს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება 200 ათასი ლარის შეთავაზების შესახებ, ჩვეულებრივი საარჩევნო დაპირება იყო და „ამ ლოგიკით ბიძინა ივანიშვილიც დასაჭერია, რადგან 2012 წელს ყველა სოფელს 5 მილიონ ლარს შეჰპირდა".
„ძალიან ვაჟკაცი ბიჭია ლევანი. უშიშარი ბიჭია, გამბედავი ბიჭია, მე ძალიან დიდი პატივს ვცემ დაუდგრომელ და მებრძოლ ადამიანებს. სოლიდარობა მას. აბსოლუტური ბოდვაა, რის გამოც დაიჭირეს, ქრთამს ჰპირდებოდა პოლიციელებსო, ბიძინა ივანიშვილი 55-ჯერ არის დასაჭერი მაგის გამო, უფასო ფულს არ გვპირდებოდა ეგ თაღლითი კაცი? ხუთი მილიონი თითო სოფელსო. მაგის გამო არ უნდა დაიჭირო თუ ასეა? ჩვენც ვართ დასაჭერები, პენსია უნდა გაიზარდოს ათას ლარამდე-თქო ვიძახდით. ახლა ვიძახით, რომ პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტები უნდა იყოს უფასო, დაგვიჭირონ ამის გამო. ეს არის ჩვეულებრივი საარჩევნო დაპირება, გადაუხადა ვინმეს ის 200 ათასი ლარი?", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.