
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რეჟიმის ეს ქმედება განპირობებულია შიშით, ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც 13 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული მოღალატური, რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს".
როგორც პარტიაში აცხადებენ, „რეჟიმს საზოგადოებაში შიშის დათესვა სურს".
„დღეს, მოღალატე კრიმინალთა რუსულმა ბანდამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აბსურდული ბრალდებით უკანონოდ დააკავა.
რეჟიმის ეს ქმედება განპირობებულია შიშით, ქართველი ხალხისგან მიიღოს ის რისხვა, რომელიც 13 წლის განმავლობაში საქართველოში გატარებული მოღალატური, რუსული პოლიტიკის გამო დაიმსახურეს.
რეჟიმის ამოცანა ნათელია - მათ სურთ საზოგადოებაში შიშის დათესვა და ახალი რეპრესიული ტალღის აგორება. მათი მიზანია პუტინის პირადი ტყვისა და რეჟიმის პოლიტიკური პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მოქმედმა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", ისევე როგორც მთელმა ქართულმა პატრიოტულმა საზოგადოებამ ხელი აიღოს ამ მოღალატეთა რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი, უკომპრომისო ბრძოლისგან, რომლის მიზანია საქართველო გავათავისუფლოთ რუსეთის მეხუთე კოლონის მმართველობისგან და კვლავ, დავაყენოთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, საქართველოს მშვიდობიანი გამთლიანების გზაზე.
ლევან ხაბეიშვილის დაკავება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, მას არ მიეცა ადვოკატის დაცვით სარგებლობის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება.
რეჟიმის შიში, განსაკუთრებით გამძაფრდა 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის მიმართ ქართველი ხალხის პრინციპული მიუღებლობის გამო, რასაც ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ხაზს უსვამდა და მოქალაქეებს რუსული სპეცოპერაციის პუნქტებთან მისვლის ნაცვლად, თბილისში, რუსთაველი გამზირზე შეკრებისკენ და ერთად საქართველოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვუწოდებთ, საზოგადოებას, მიუხედავად სასოწარკვეთილი რეჟიმის რეპრესიებისა, გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად!",- ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.