
„თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევა“. თუ დაკვირვების სურვილი ექნებოდათ, საკმარისი დროა იმისთვის, რომ დააკვირდნენ. სულ ერთი კვირაა, რაც აქტიური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ერთ თვეში ვაპირებთ ჩვენ და სხვა პარტიები, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩავატაროთ და დაკვირვებას წინ არაფერი უდგას. არაფერი პრობლემა არ იყო ჩამოსულიყვნენ და დაჰკვირვებოდნენ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის უარს თვითმმართველობის არჩევებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საკმარისი დროა იმისთვის, რომ სადამკვირვებლო მისიას სრულყოფილი სურათი ჰქონოდა.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა, ასევე, აღნიშნულ საკითხზე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება.
„გუშინ ვნახე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ წუხან, რომ დაკვირვებას ვერ შეძლებს ეუთო. მოსახლეობას ვეტყვი, რომ შვედეთს არც ერთხელ არ მოუწვევია ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირი დასაკვირვებლად. ისტორიაში არც ერთხელ. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყნის არჩევნები, საქართველოში არჩევნებს ვინ დააკვირდება და ვინ არა. შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ერიკ ოტოსონი 2024 წლის არჩევნების შემდეგ იდგა აქ ანტისამთავრობო მიტინგზე და მოუწოდებდა ოპოზიციას „მაიდნისკენ“. დღემდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამიჯვნია ამ მოწოდებას ძალადობრივი დამხობისკენ. ამიტომ რა თქმა უნდა ეს არის ფარისევლობა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება, ოფიციალურ მიზეზად კი ვადები დასახელდა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სადამკვირვებლო მისია მოიწვია, იმედი გამოთქვა, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებდა.