
ბიზნესმა განათლების სექტორში საკმაოდ ღრმად შეტოპა. ყოველწლიურად მატულობს კერძო სკოლებისა და სასწავლო ცენტრების რაოდენობა, სადაც დიდი გადასახადის გამო სწავლა ბავშვების უმრავლესობისთვის სრულიად წარმოუდგენელია. ამ პროცესს ბიძგს აძლევს ის ფაქტორიც, რომ საჯარო სკოლებში სწავლის დაბალი ხარისხი და ხშირ შემთხვევაში, არაკვალიფიციური კადრია.
ცალკე პრობლემაა ისიც, რომ უზარმაზარი გადასახადის მიუხედავად, ხარისხი არც კერძო სკოლებშია, იშვიათი გამონაკლისის გარდა. მათი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, საჯაროს სკოლის მოსწავლეების მსგავსად, რეპეტიტორებს საჭიროებენ.
განათლების სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების გარეშე სფერო ვერ მოწესრიგდება. მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება და წლების შემდეგაც სურათი იგივე იქნება. იზრდება გადასახადები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მაგრამ განათლების კუთხით საქართველო მსოფლიოში საშუალო დონესაც ვერ აკმაყოფილებს.
მოცემულობას, რომ სწავლების საფასური მატულობს, მედლის ერთი მხარეა. განათლების სფეროს ექსპერტი, პროფესორი მანანა ნიკოლაიშვილი თვლის, რომ ამაში მთავრობა ვერ ჩაერევა, რადგან კერძო ბიზნესია, თუმცა შესაძლებელია მიდგომა შეიცვალოს და განათლების ბაზარზე კერძო სექტორის წილი განისაზღვროს.
,,კერძო სკოლებსა და ცენტრებზე ბიზნესს ვერ შეედავები, ეს არის მათი საქმიანობა და რა ფასიც უნდა, დააწესებს. ანალოგიურია სასწავლო კურსების მიმართაც, ტარიფებს ადგენენ როგორც სურთ ან უღირთ. ის, რომ განათლება იქცა ბიზნესად, არა კერძო სექტორს, არამედ სახელმწიფოს უნდა შეედავო. საერთოდ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ განათლება არის ძალიან რთული, კომპლექსური და მრავალწახნაგოვანი მიმართულება, რაც მასწავლებლისგან დიდ ენერგიას მოითხოვს. ძალიან დიდ შრომას ეწევა პედაგოგი, ეს ცოდნა, თუ ილია ჭავჭავაძეს გავიხსენებთ, არის დიდი ძალა, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება ადამიანს. მერე მთელი ცხოვრება აგებულია მიღებული ცოდნის დონეზე.
ადრე სასწავლო კურსებზე მოსწავლეების მომზადება საკმაოდ იაფი ღირდა. როცა ფასს ზრდი, სერვისიც უნდა იყოს ადეკვატური. სხვა საქმეა უნდა იყოს თუ არა კერძო სექტორი წარმოდგენილი საერთოდ ან რა წილით უნდა იყოს განათლების სისტემაში. ესეც განსასაზღვრია. საქართველოში კერძო მიმართულებებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ამიტომ სახელმწიფო თავს იკავებს, რომ იქ რაიმე შეზღუდვა დააწესოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მანანა ნიკოლაიშვილმა და ყურადღება გაამახვილა ძირითად მიზეზზეც, რის გამოც კერძო მიმართულებებზე დიდი მოთხოვნაა.
"საჯარო სკოლებში ასწავლიან არაპროფესიონალი მასწავლებლები, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარეს. ასეთი გადრები შემოუშვეს სისტემაში. ამიტომ მშობელი ეძებს სხვებს ე.წ. შავ ბაზარზე, რეპეტიტორის სახით და ამ შემთხვევაშიც ბევრი არაპროფესიონალია. ვინც იაფად ამზადებს, მათთან მიჰყავთ ბავშვი და იქაც ცუდადაა მთავრდება საქმე", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა .
გადასახადები მატულობს, მაგრამ სწავლების ხარისხი რეალურად ერთ დონეზეა, რაც ძირეული რეფორმის გატარებას საჭიროებს. სწორედ ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აკადემიკოსმა ზურაბ ვახანიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სკოლებში განათლების ხარისხი გადასახადთან შეუსაბამოა.
,,კერძო სკოლებში აქცენტი გაკეთებულია ინფრასტრუქტურაზე, დამატებით კლასგარეშე მომსახურებაზე, რაც ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის საყურადღებოა. კადრები იქაც ჭირს, კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტია ქვეყანაში და ეს ყველგან აშკარაა - საჯარო თუ კერძო სკოლაში. გაზრდილი ფასი უფრო სხვადასხვა ტიპის კლასგარეშე აქტივობებზეა დამოკიდებული. ყველას სხვადასხვა შეთავაზება აქვს, რაც ცხადია, ფინანსებთანაა კავშირში და სკოლაც აქცენტს უფრო ამ მიმართულებაზე აკეთებს.
რაც შეეხება, ცოდნას, სწავლა ფასის შესაბამისი არაა. ამიტომ რეპეტიტორი კერძო სკოლის მოსწავლეებსაც სჭირდება, ასეა უმეტეს შემთხვევაში. მდგომარეობა ვერ გამოსწორდება, სანამ განათლება საბაზრო პრინციპებზეა აგებული. განათლება მოგებაზე არ უნდა იყოს გათვლილი. საქართველოში სისტემა მოეწყო ისე, რომ ფასიანი საგანმანათლებლო დაწესებულებები კარგ მოგებას "ტოვებენ", რაც იმის ნიშანია, რომ რაღაც ცუდად კეთდება. თუ ოჯახიც შეძლებულია, კერძო სკოლას ხშირ შემთხვევაში თვითონ მიმართავს, ზოგსაც პრესტიჟისთვის შეჰყავს იქ ბავშვი.
ზოგადად, სკოლებში ერთი და იგივე სწავლების დონეა. ფაქტია, კერძო სკოლა მეტი კომფორტია მოსწავლისთვის, მაგრამ არც ის გვაძლევს იმ სტანდარტს, რასაც მშობლები ითხოვენ. მიღებული განათლება და დახარჯული სახსრები ერთმანეთთან შეუსაბამოა,"- განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზურაბ ვახანიამ.
ცნობისთვის, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა მცირედით შემცირდა. "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2 294 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 208 კერძო.
რაც შეეხება მოსწავლეთა რაოდენობას, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 640.7 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 89% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11%.