
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
სუს-ის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, თანამდებობრივ გავლენასა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მინიჭებისთვის.
ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ის მათგან ენერგოკომპანიებსა და ჰესებში წილებს იღებდა, რომელთა რეალური მფლობელი თავად იყო, ოფიციალურად კი წილები ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ.-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.
რომეო მიქაუტაძის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის აპრილში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი მეუღლის, ნინო მიქაუტაძის მადრიდში, ისტორიულ უბანში ბინის შეძენის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ნინო მიქაუტაძემ 103 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა 2024 წლის 18 იანვარს შეიძინა, როდესაც მიქაუტაძე ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ბინის ფასი მითითებული არ არის, ბროკერების საიტებზე მსგავსი ფართის ბინა მადრიდის ცენტრში დაახლოებით 829 000 ევრო ღირს. ნინო მიქაუტაძემ არ უარყო შენაძენი, თუმცა, კითხვაზე, თუ რა შემოსავლით ასაბუთებდა ესპანეთის დედაქალაქში ბინის ყიდვას, განაცხადა, რომ დეკლარაციის შევსების შემდეგ ყველაფერი გაცხადდებოდა. მოგვიანებით დეკლარაციაში გამოჩნდა, რომ ბინაში წყვილმა 660 ათასი ევრო გადაიხადა.
მედიაში გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ, მაშინ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ "კამპანიური ხასიათის აბსურდული ბრალდებები და ცილისწამება" მიმდინარეობდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მის ოჯახს მსხვილი ბიზნესიდან ჰქონდა მაღალი შემოსავალი, ხოლო მოგვიანებით ეს ბიზნესი გაყიდეს, საიდანაც დაახლოებით 2 მლნ ლარის ფულადი ქონება მიიღეს. ასევე, მიქაუტაძე აცხადებდა, რომ არა-საჯარო სექტორში საქმიანობიდან დამატებითი შემოსავალი და დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა.
მან თავისი ქონების წარმომავლობა დეტალურად განმარტა და აღნიშნა, რომ მისმა ოჯახმა 5 ბინა თბილისში და 2 ბინა ბათუმში, ასევე აგარაკი წეროვანში გაყიდა. ამის სანაცვლოდ, მათ შეიძინეს 1 ბინა თბილისში (180 კვ.მ.), 2316 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყნეთში, 830 კვ.მ. დედოფლისწყაროში და 410 კვ.მ. ოზურგეთში.
რაც შეეხება კომპანიებს, მიქაუტაძის თქმით, მისი მეუღლე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანია „ვიუ ფოინთში“ და საბანკო კრედიტით შეიძინა მიწა წავკისში (2.2 მლნ აშშ დოლარი). ასევე, იგი 50-პროცენტიან წილს ფლობს თბილისში მდებარე სასტუმრო „ბეთლემში“, რომელიც საბანკო კრედიტით (915 000 ევრო) არის შეძენილი.
როგორია ქონებრივი მდგომარეობა?
გარდა მადრიდში არსებული ბინისა ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთი გარდაბანში, წყნეთის სატყეო უბანში (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) - შეიძინა 320 000 აშშ დოლარად, 2023 წლის 9 თებერვალს
კომერციული ფართი, 300 კვადრატული მეტრი, სასტუმრო (ეზო), თბილისში ბეთლემის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 50%) - შეიძინა 2021 წელს, გადახდის გრაფაში 0 ლარი / დოლარი / ევროა მითითებული
კომერციული ფართი, 479 კვადრატული მეტრი, სასტუმრო, თბილისში ბეთლემის ქუჩა #15 (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 50%) - შეიძინა 825 000 აშშ დოლარად, 2020 წლის 24 დეკემბერს
მიწის ნაკვეთი ქალაქ დედოფლისწყაროში, 831 კვადრატული მეტრი (ნინო მიქაუტაძის საკუთრება 100%) - შეიძინა 12 000 აშშ დოლარად, 2022 წლის 14 ნოემბერს
ბინა (180 კვადრატული მეტრი), სარდაფი (127 კვადრატული მეტრი) და სათავსო (4.9 კვადრატული მეტრი), თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი #11 (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) - შეიძინა 240 000 აშშ დოლარად, 2018 წლის 15 თებერვალს
კრიპტო ვალუტა რიპლი (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) - შეიძინა 13 000 აშშ დოლარად, 2020 წელს
კრიპტო ვალუტა შიბა ინუ (რომეო მიქაუტაძის საკუთრება 100%) - შეიძინა 3 000 აშშ დოლარად, 2021 წელს
რომეო მიქაუტაძის შვილები
გარდა ამისა, დეკლარაციის შევსების მომენტში, რომეო მიქაუტაძეს სხვადასხვა ბანკების ანგარიშებზე ჯამურად 16 555 ლარი, 60.79 ევრო და 1.44 აშშ დოლარი ჰქონდა. ასევე, დანაზოგის სახით - 115 000 აშშ დოლარი.
2 წლის წინ სოციალური მედია მოიცვა ნინო მიქაუტაძის გრანდიოზულმა წვეულებამ. მინისტრის მოადგილის ცოლმა დაბადების დღეს ქალაქის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სადღესასწაულო სივრცეში გადაიხადა. გაფორმება, ტორტი და იტალიიდან სპეციალურად მოწვეული ბენდი ოჯახს დამატებით 10 000 ევრო დაუჯდა, 15 ათასი დაჯდა დიზაინი. ტორტი წვეულების მთავარი დეკორაცია იყო, მსგავსი დიზაინით შექმნილი ტორტის ღირებულება საშუალოდ 2000 ლარია.
ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, პირველი მოადგილე კი 2022 წლის 30 დეკემბრიდან გახდა. ის ამ პოსტს 2024 წლის 11 თებერვლამდე იკავებდა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე