
ხონის მუნიციპალიტეტში ტრაგედია დატრიალდა. მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, უცებ ხარაჩოდან გადმოვარდა და ადგილზე, ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. დაღუპული ხატმწერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 45 წლამდე ასაკის ბერიკა კბილაშვილია.
"ძალიან ცუდი ამბავი გავიგე და განვიცდი. მე და ბერიკა უბრალოდ მეგობრები არ ვყოფილვართ, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ძალიან მატკინა გული. მეც ბაღდათელი ვარ, ბერიკა იქ გაიზარდა, ოჯახი შექმნა და იქ ცხოვრობდა. ხატწერა და ფრესკის მოხატვა იყო მისი საქმე და 20 წელზე მეტი ხატმწერია.
მე სტიქაროსანი ვარ და ხშირად როცა მეტყოდნენ ხატის დაწერა მინდა ან ფრესკის მოხატვაო და ეძებდნენ ხატმწერს, სულ ბერიკას ვურჩევდი, რადგან პირველ რიგში სიტყვის კაცი იყო. დროს რომ ეტყოდი იმ დროში ჩაგაბარებდა ნამუშევარს. არასოდეს მოგატყუებდა. ბერიკას ძალიან ბევრი ტაძარი აქვს მოხატული. რამდენიმეში მე თვითონაც ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს მისი ნამუშევრები.
ხატმწერიც იყო და ფრესკებზე მუშაობდა ძირითადად. ზოგადად ასე მუშაობენ, ფრესკებზე ვინც მუშაობს ყველა წერს ხატებსაც. ხარაჩოდან რომ ჩამოდიან, და ისვენებენ, მაშინ პარალელურად ხატს წერენ. დასანანია ახალგაზრდა კაცის წასვლა.
ორი უკარგესი ქალიშვილი ჰყავს. დღეს გავიგე და ძალიან განვიცადე, გუშინ საღამოს მომხდარა. არ ვიცი სხვა დეტალები. ძალიან კარგი ადამიანი დაგვაკლდება, თუმცა ყოველთვის ჩვენს მოგონებებში იქნება", - უთხრა ბექა მშვილდაძის მეგობარი "კვირის პალიტრას".
ადგილობრივის თქმით, ხარაჩოზე იდგა და მოულოდნელად ჩამოვარდა.
"ტაძრის მოხატვა მიმდინარეობდა და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედია. ვიცი, რომ ადგილობრივი არ იყო ფერმწერი, როგორ გადმოვარდა არ ვიცი, ხატვის დროს გადმოვარდნილა. ჩვენი სოფლის ტაძარია, წლების წინ აშენებულია და ახლა მოხატვა მიმდინარეობდა", - განაცხადა ადგილობრივმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე