
მსოფლიოში სავაჭრო ომი მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნებს საგადასახადო ტარიფებს უწესებს, მიდგომა ყველა ქვეყანასთან განსხვავებულია. ყველაზე დაბალი ზღვარი 10%-ია, რომელშიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად, მოჰყვა საქართველოც. გადაწყვეტილებამ მსოფლიო დღის წესრიგი შესაძლოა, საერთოდ შეცვალოს და პირველი შედეგი, როგორც ეკონომისტები ელიან, თავად აშშ-ში იქნება.
ამერიკაში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი იმოქმედებს, ხოლო ქვეყნებს, რომლებთანაც აშშ-ს უფრო დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვს - მეტად მაღალი განაკვეთი დაუწესდებათ.
მაგალითად, აშშ-ის მხრიდან ჩინეთს 34%-იანი ტარიფი დაუწესდება. ევროკავშირს - 20%, ვიეტნამს - 46%, ტაივანს - 32%, იაპონიას - 24%, ინდოეთს - 26%, სამხრეთ კორეას - 25%, ტაილანდს - 36%, შვეიცარიას - 31%, ინდონეზიას - 32%, მალაიზიას - 24%, დიდ ბრიტანეთს - 10%, ისრაელს - 17%, სამხრეთ აფრიკას - 30%.
საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ასევე, უკრაინას 10%-იანი ტარიფი დაუწესდება. ყველა ქვეყანასთან გადაწყვეტილება ძალაში 5 აპრილიდან შევა.
ამერიკის ამ გადაწყვეტილებას სავაჭრო ომი უწოდა ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ და თან განაცხადა, რომ შედეგი, პირველ რიგში, აშშ-ში დადგება, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდას გულისხმობს.
"ამ ყველაფერს შეიძლება დავარქვათ სავაჭრო მსოფლიო ომი, რომელიც ამერიკამ გამოუცხადა დანარჩენ მსოფლიოს. ევროკავშირთან ძალიან მაღალ ტარიფებს ტრამპმა გამოსვლისას თავისი არგუმენტაცია მოაყოლა, რომ მათ ევროკავშირი ძარცვავდა და ა.შ. ეს განპირობებულია იმით, რომ ამერიკას ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო სალდო, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა, მხოლოდ უარყოფით სალდოსგან არ არის გამოწვეული.
ტრამპის კურსი არის ამერიკაში ეკონომიკის რეალური სექტორის გაზრდა, რომელიც წლების მანძილზე მცირდება, 60-იანი წლებიდან მოყოლებული. ამერიკის ეკონომიკა თანდათან იქცა მომსახურების ეკონომიკად და არა რეალურ და მრეწველობის ეკონომიკად.
ამ ყოველივეს, პირველ რიგში, შედეგი თავად ამერიკის შიგნით მოჰყვება, რაც გამოიწვევს სამომხმარებლო ფასების ზრდას, რადგან აშშ ერთ-ერთი ყველაზე მეტად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. რამდენად გამოიწვევს მრეწველობის დაბრუნებას და ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდას, ძნელად სათქმელია, ვინაიდან რამდენად არიან ახლა შეერთებულ შტატებში საკმარისი რაოდენობის კვალიფიკაციური კადრები? ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდა მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიცირებას და ფულის ხარჯვას არ ნიშნავს, მას სჭირდება სერიოზული საკადრო უზრუნველყოფა, რომელიც ამერიკას, დიდი ალბათობით, არ ჰყავს. ის ხალხი, რომელიც 50-60-იან წლებში ამერიკაში დაზგებთან მუშაობდა, ეკონომიკის რეალურ სექტორს ქმნიდა, აღარ არიან ან გაიფანტნენ, ან მათი დეკვალიფიკაცია მოხდა.
აშშ-მ საკადრო დეფიტიცის აღმოფხვრის მიზნით შესაძლოა, დაიწყოს ტვინების მიტაცება, რასაც წარმატებით ახორციელებდა მე-19 საუკუნის მეორე და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. სწორედ იმ ხალხმა შექმნა ამერიკის მძლავრი ეკონომიკა, რომელიც მსოფლკიო მრეწველობის თითქმის 40% იყო 50-იანი წლების დასაწყისში.
საქართველოზე ამ გადაწყვეტილებას მაინც და მაინც არსებითი ზეგავლენა არ ექნება, რადგან აშშ-ში ბევრი არაფერი გაგვაქვს. ის არ არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, ამდენად საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს.
სხვათა შორის, სატარიფო სიაში არ არის რუსეთი. ეს იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ისედაც სანქციები აქვს დაწესებული და ვაჭრობა თითქმის განულებულია. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთთან დიდი დაპირისპირება. პირველ რიგში, თავად აშშ-ში დაიწყება ამ პროცესების ზეგავლენა”, - განუცხადა "რეზონანსს” ნოდარ კაპანაძემ.
გადაწყვეტილების შემდეგ თეთრმა სახლმა გარკვეული საქონლის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ახალი ტარიფებისგან თავისუფლდება. ახალი ტარიფები, რომლებიც 5 აპრილიდან ამოქმედდება, არ შეეხება შემდეგ პროდუქციას: ფარმაცევტული პროდუქტები, ნახევარგამტარები, ხის მასალა, სპილენძი და ოქრო, ენერგეტიკული რესურსები და მინერალები, რომლებიც აშშ-ში მიუწვდომელია.
ამასთან, ალუმინისა და ფოლადის პროდუქტები, ავტომობილები და ავტოკომპონენტები, ასევე, გათავისუფლებულია ახალი ტარიფებისგან, რადგან მათზე წინა ტარიფები ისედაც მოქმედებს.
აშშ-ს გადაწყვეტილების მოსალოდნელ გარემოებებზე ისაუბრა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და განცხადა, რომ ტარიფის დაწესება უკვე ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპმა დაიწყო მსოფლიოსთან ჰიბრიდული ომი.
"საქართველო 10%-იან ბარიერში მოჰყვა. აქედან გასული პროდუქცია დაიბეგრება დამატებით. საქართველოს, თუ არ ვცდები, დაახლოებით 12 მილიონამდე პროდუქცია გაჰქონდა. ეს არის ღვინო, მტკნარი წყლები, ფეროშენადნობები. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით შეფერხდება ჩვენი ვაჭრობა, რადგან სხვა ქვეყნებისთვის უფრო მაღალი ტარიფია დაწესებულია, მაგრამ, ყველა შემთხევაში რაღაცაწილად იმოქმედებს.
უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღით, ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ღირებულება შემცირდება, ინდექსები დაეცემა, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყებს მატებას. ინფლაციის დონე გაიზრდება თავად ამერიკაში, ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება საპროცენტო განაკვეთის ზრდა და დოლარის გაძვირება.
არ გამოვრიცხავ, რომ ქვეყნებმა საპასუხო ტარიფები დააწესონ. მიუხედავად იმისა, რომ სინ ძი პინმა გააფრთხილა ტრამპი, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ ჩინეთი მაინც მოაყოლეს ამ სიაშია. ვფიქრობ, სარკისებურად ჩინეთიც დააწესებს ტარიფებს აშშ-სთვის”, - განუცხადა ნიკა შენგელიამ "რეზონანსს”.
საპასუხო ნაბიჯებს მოელის "პიემისის" კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანიც, რომლის აზრითაც, გლობალურად „ტარიფების ქარიშხალს“ გამოიწვევს.
„აქამდე ამერიკა იყო ღია თავისუფალი ვაჭრობის პიონერი სახელმწიფო და ამ ტიპის ვაჭრობის მთავარი დამცველი. გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც წინ უძღოდა მცირე ზომის მსგავსი გადაწყვეტილებები, ამერიკა პროტექციონიზმის საუკეთესო ნიმუში გახდა და არსებული სავაჭრო სისტემა 180 გრადუსით შემოაბრუნა.
უკვე მრავალი ქვეყანა და ბლოკი ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ მოხდება სარკისებური განაკვეთის დაწესება და ეს გლობალურად ტარიფების ქარიშხალს გამოიწვევს. 2025 წლის 2 აპრილი შესაძლოა, ახალი დიდი სავაჭრო ომის ათვლის წერტილი იყოს“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა `ბიზნესპრესნიუსთან” და საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შესაძლოა, კონკრეტულ მწარმოებლებს საქონლის ექსპორტი გაუძვირდეს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მსოფლიო ლიდერებმა უკვე გააკრიტიკეს და "მსოფლიო ეკონომიკაზე დარტყმა" უწოდეს. ასე მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრმა და ტრამპის მოკავშირემ, ჯორჯა მელონიმ პირდაპი თქვა, რომ გადაწყვეტილება "არასწორია", თუმცა იტალია მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან შეთანხმებაზე, რათა სავაჭრო ომი თავიდან იქნეს არიდებული.
ტრამპის ტარიფები გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც და განაცხადა, რომ ესპანეთი "ღია სამყაროს" ერთგული რჩება. ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი, მაიკლ მარტინი კი ფიქრობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დასანანია და სარგებელს არავის აძლევს.
ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, თუმცა გადასახადებით დაზარალებულ ბიზნესსექტორთან შეხვედრას გამართავს.
"გაუმართლებლად" შეაფასეს ტრამპის გადაწყვეტილება აზიაშიც. იაპონიაში აცხადებენ, რომ 24%-იანი ტარიფის დაწესება დასანანია და არსებობს რისკებიც, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციისა და აშშ-იაპონიის შეთანხმებას.
ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის 32%-იანი ტარიფის დაწესების გამო აღნიშნა, რომ ტაივანის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონთან მოლაპარაკებების ჩანიშვნა იგეგმება. იმავეს აპირებს ტაილანდიც.
კრიტიკა გაჟღერდა ტრამპის მისამართით იმ ქვეყნების ლიდერებისგანაც, რომლებსაც მხოლოდ საბაზისო, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. მაგალითად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონი ალბანეზმა განაცხადა, რომ `გაუმართლებელი ტარიფებისთვის ყველაზე ძვირ ფასს ამერიკელი მოსახლეობა გადაიხდის".
ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანა იბრძოლებს, რათა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს და სატარიფო დარტყმა შეარბილოს.
ლათინური ამერიკის შემთხვევაში, რეგიონის უდიდესმა ეკონომიკამ, ბრაზილიამ, უკვე დაადასტურა კონგრესში კანონი, რომელიც ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფებისთვის საპასუხო ზომებს განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მეზობელი, კანადა და მექსიკა, ტრამპის მიერ მოხსენიებული არ იყვნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის შემთხვევაში დაეყრდნობიან უკვე გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც ქვეყნებს ისედაც 25%-იან გადასახადს აკისრებს.