"არც მშვიდობა, არც კეთილდღეობა, არც მსხვილი ინვესტიციები, არც ჩინეთთან პარტნიორობა, მოსწონთ მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა"
გვანცა წულაია
29.01.2025

საქართველოში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი ინვესტიცია განხორციელდება. კაპიტალდაბანდება არაბეთიდან შემდეგი წლიდან დაიწყება და თბილისსა და აჭარაში მშენებლობას მოხმარდება, მაგრამ ოპოზიცია ამჯერადაც უკმაყოფილოა - როგორც სხვა დროს და სხვა საქმეში, აქაც პრობლემას ხედავს და რეალობას ვერ ან არ აღიქვამს.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის `ბურჯ ხალიფას" შემქმნელები, დუბაის შემდეგ ინვესტიციას საქართველოში დებენ. შეთანხმება მიღწეულია, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია. საქართველოში, დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა და პროექტებს ბათუმსა და თბილისში `ემაარ ჯგუფი" განახორციელებს. 

"ემაარ ჯგუფთან" საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი ინვესტიციის შესახებ შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში მოეწერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართული კომპანიებიც.

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ორმხრივი თანამშრომლობისთვის. საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, დუბაიში ბევრია ნამყოფი, აბუ-დაბიში, ყველა ძირითადი შენობა-ნაგებობა, არქიტექტურული სილამაზით ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტებია. 

სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებში დაახლოებით, 6 მლრდ დაიხარჯება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართული კომპანიები და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია ამჯერადაც უკმაყოფილოა. მათი მხრიდან აქამდე იყო საუბარი, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა არ არის. ახლა კი, როცა ამ მასშტაბის ინვესტიციის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი, სხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს. 

როგორც "ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა, ოპოზიცია კმაყოფილი მაშინ იქნებოდა, თუ ამ ფულის დიდ ნაწილს საკუთარ ჯიბეში ჩაიდებდა. 

"ამ 6 მილიარდიდან, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, ნახევარზე მეტი მაინც საკუთარ ჯიბეში ჩაიდებდნენ. გაგიჟდნენ, ჭკუიდან გადავიდნენ და მათ ამ პანიკურ კივილს ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ ეშინიათ. მათ უკვე ყველაფერი დაკარგეს. საქართველოს მკვრდადშობილი ოპოზიცია ჰყავს. მათ საქართველოში აღარაფერი გამოსდით, ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან. 6-მილიარდიანი ინვესტიცია არც მათ მოსწონთ და არც მათ ლობისტებს ევროპაში. 

საქართველოს სიკეთე არ მოსწონთ, არც მშვიდობა, არც კეთილდღეობა, არც მსხვილი ინვესტიციები, არც ჩინეთთან პარტნიორობა, არც საქართველოს ერთიანობა. მოსწონთ მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა და ლიბერალურ ევროპასთან თანამშროლობა და ჩახუტება, რაც ჩვენ არ გვინდა.  

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ერთადერთი დასკვნა შემიძლია გავაკეთო -  რაც უფრო მეტად იკივლებს ოპოზიცია დასკვნა იქნება მხოლოდ ერთი, ესე იგი, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ხელისუფლება”, - განუცხადა თამარ ჩიბურდანიძემ "რეზონანსს”. 

კომპანია, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის, ეკონომისტების პროგნოზით, სხვებისთვისაც წამახალისებელი იქნება, რათა საქართველოში ინვესტიციები თავადაც განახორციელონ. 

როგორც ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რადიკალური ოპოზიცია ყველაფერის გაშავებას ცდილობს. 

"ოპოზიცია იმაზე კი არ უნდა იყოს ორიენტირებული, რომ ყველაფერი გააშავოს და შავის ფონზე დაანახოს ამომრჩეველს საკუთარი თავი, არამედ არსებულ რეალობას უნდა მოერგოს და უნდა დაგვანახოს თავად, უკეთესად როგორ წარმართავდა პროცესებს. 

რამდენიც არ უნდა ისაუბრონ, რომ ყველაფერი უკან-უკან მიდის, მიუხედავად იმისად, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, წინსვლა სახეზე და ეს როგორ ვერ დაინახო ადამიანმა? მაგრამ მარტივია სპეკულირება და პოპულიზმი, იმ ფონზე, როცა ათობით ათას ადამიანს ჯერ კიდევ საკუთარი თავის და ოჯახის გამოკვების ყოველდღიური პრობლემები აქვს. 

შესაძლოა, ინვესტიციების განხორციელების სტრატეგია გააკრიტიკო და ანალიზი გააკეთო, თუ როგორ და სად ჯობია ფულის ჩადება. ამის ნაცვლად ზოგი ამბობს, რომ ეს რუსული ფულია. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ გადაქაჩა მილიარდები და ახლა ინვესტიციების სახით იბრუნებენ. საკუთარ მილიარდებს მიხედოს კეზერაშვილმა და სხვებმა, მაგრამ რომ დავუშვათ ხელისუფლებამ 6 მილიარდი გადაქაჩა და ახლა უკან მოაქვს, ეს ხომ აბსურდია. მესამე ხაზიც აქვთ, რომ შეთანხმება არაერალურია და არ შესრულდება. გავა ცოტა დრო და დაინახავენ, რომ ამ ყველაფერის შესრულება დაიწყება, მერე სად წაიღებენ საკუთარ განცხადებებს? 

ამომრჩეველს და მოსახლეობას თვლიან ბრბოდ. ფიქრობენ, რომ დღეს გაკეთებული ნეგატიური განცხადება ორ კვირაში ან ერთ თვეში ხალხს დაავიწყდება. მოსახლეობას არაფერი არ დაავიწყდება და რომც დაავიწყდეს, შეახსენებს ოპოზიციის ოპონეტი, ანუ ხელისუფლება. 

წლების განმავლობაში მცდარი სტრატეგიის გამო აგებენ არჩევნებს. მათ მოჰყვებათ საკუთარი მძიმე წარსული, რომლის გააზრებაც არ სურთ. არც რეალური გადახალისება უნდათ ოპოზიციურ ფლანგზე, რადგან ვერ თმობენ საკუთარ სკამებს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, საითკენაც, როგორც თავად ამბობენ, მიისწრაფვიან, 9 არჩევნებს კი არა, ერთხელ რომ წააგებენ, პარტიებში მიმდინარეობს გადახალისება. ჩვენთან კი ყველა არჩევნების წააგეს, მაგრამ მაინც იგივე სახეებს და მცდარ სტრატეგიას ვხედავთ”, - განუცხადა სალუქვაძემ "რეზონანსს”. 

ამ მასშტაბის ინვესტიცია ექსპერტებისთვის პოზიტიური სიგნალია. როგორ საინვესტიციო კომპანია `გალტ ენდ თაგარტის” კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, როდესაც მშენებლობის პროექტი აქტიურ ფაზაში შევა, დამატებით, ყოველწლიურად, ქვეყნის ეკონომიკა 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზრდება.

„მეორე ეფექტია უძრავი ქონების სტანდარტების თვისებრივი განვითარება, რაც ბოლო წლებში სახეზეა და ამის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყანას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შესაძლებლობას მისცემს, რომ მოიზიდოს უფრო მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი ან ინვესტორი, რომელიც მსგავსი ტიპის უძრავი ქონებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×