
საქართველოში საინვესტიციო კლიმატი იცვლება და აქტიური ქვეყნების ლიდერთა პოზიციებს აზიური ქვეყნები იკავებენ. მოლოდინი, რომ დასავლური ინვესტიციები დამუხრუჭდება და ამით ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება, არ მართლდება და დასავლური კაპიტალის ადგილს თანდათან აღმოსავლური იჭერს. ეკონომიკაში ცარიელი ადგილი არ რჩება - თუ ევროპულ ბიზნესს არ სურს საქართველოში ინვესტირება, მას შემცვლელი მალე გაუჩნდება.
შესაბამისი პრეცედემტი უკვე სახეზეა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროებში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. პრემიერი ქვეყნის პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების დინამიკაზე ისაუბრეს და უზარმაზარ საინვესტიციო შეთანხმებასაც მიაღწიეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ინვესტირების კუთხით უმსხვილესი დეველოპერული და ლოგისტიკური კომპანიების ინტერესები იკვეთება. მათ შორის, აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე - უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია "ემაართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
პრემიერის ინფორმაციით, ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას.
„შეიქმნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურული სივრცე, როგორც თბილისში, ასევე გონიოში. „ემაარ ჯგუფი“ არის მსოფლიოში ცნობილი თავისი გამოცდილებით, რესურსებით და ჩვენთვის საამაყოა, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა, ველოდებით ამ პროექტის განხორციელების დაწყებას და ძალიან მალე პროექტის განხორციელებაც დაიწყება. ეს კომპანია თავისი ეფექტიანობით არის ცნობილი და შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, გვექნება არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის გაძლიერებას, თბილისის, აჭარის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი ჩვენთვის “, - განაცხადა პრემიერმა.
უპრეცენდენტო მასშტაბის ინვესტიცია გამსაკუთრებულად შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიში ყველაზე დიდი საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც მთელი ქვეყნის ეკონომიკის 1-1.5%-იან ზრდას უზრუნველყოფს.
„თბილისისა და აჭარისეკონომიკა დაახლოებით 2-3%-ით გაიზრდებაწლის განმავლობაში, რაც მთელი ქვეყნის ეკონომიკაში 1-1.5%-იან წილს შეიტანს. გარდა რიცხვებისა და ეკონომიკური შედეგებისა, "ემაარი" და"იგლ ჰილსი", ეს არის წამყვანი დეველოპერული ჯგუფები მთლიანად რეგიონში, რომელსაც აქვს განხორციელებული სანიმუშო პროექტები, მაგალითად, როგორიცაა ბურჯ-ხალიფა.
მოლოდინი გვაქვს, რომ ამ პროექტის დაწყებით ჩვენ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალ ტალღას უნდა ველოდოთ ძალიან საინტერესო, დინამიურ სექტორში, რომელიც ეკონომიკის ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ჩვენს ქვეყანაში უნდა მივიღოთ ორი, ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ადგილი, რომელიც ტურისტებისთვისა და მოსახლეობისთვის იქნება მიმზიდველი და თვალსაჩინო, რაც ასევე ქვეყნის ხარისხობრივ წინსვლას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა დავითაშვილმა.
აღმოსავლური ქვეყნებიდან ინვესტიციების ზრდასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე საუბრობენ ექსპერტებიც. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ხაზი გაუსვა, რომ ახალი საინვესტიციო შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი იმპულსია, რომ ქვეყანა უფრო მაღალი ტემპით განვითარდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას.
,,ბოლო ათწლეულების განმავლობაში ბიზნესის განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პოლიგონი დასავლეთიდან თანდათან აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. შემთხვევითი არ არ არის, რომ სწორედ ამ ქვეყნებში არის მიღწეული განვითარების მაღალი დონე და ჭარბი ფულადი მასა, რაც უკავშირდება ბუნერივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას და შემოსავლების მიზნობრივ ექსპლუატაციას, რაც აძლევს საშუალებას, რომ განავითარონ არა მარტო საკუთარი ქვეყნები, არამედ მოახდინონ პოზიტიური ექსპანსია მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში. შესაბამისად, საქართველოში თუ შემოვა ჭარბი ფულადი მასის გარკვეული ნაწილი, ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ.
ცნობილია, რომ ახალი ინვესტიციებისთვის პოლიგონი იქნება თბილისიც და აჭარაც, ამ მიმართულებით მოხდება კაპიტალის სოლიდური ნაწილის დაბანდება. ამიტომ მომავალს უნდა შევხედოთ ოპტიმიზმით, რითაც ყველა მოგებული დარჩება", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საკმაოდ მყარად დგას ფეხზე ქართული ბიზნესიც, რაც ეკონომიკისთის დამატებითი იმპულსია.
,,წლების განმავლობაში სწორედ ევროპულ ინვესტიციებს ეკავა პირველი ადგილი გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ბოლო პერიოდში დიდი როლი შეასრულეს ფულადმა ტრანზაქციებმა, რომელიც საქართველოში შემოდის ძირითადად ქართველი ემიგრანტების მიერ, რომლებიც საქმიანობენ ევროპაში, აშშ-სა და მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ საინვესტიციო დატვირთვა მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციებს არ გააჩნია. ამ დატვირთვას ასრულებენ ფულადი ტრანზაქციები, აღმოსავლეთიდან და სამხრეთის სახელმწიფოებიდან შემოსული გზავნილები.
ქართული ბიზნესიც საკმაოდ მყარად დგას ფეხზე და სოლიდური სიტყვა ეთქმის კაპიტალბრუნვაში. ყველაფერი ეს ქმნის შესაძლებლობას, ეკონომიკამ მიიღოს დამატებით იმპულსები და განვითარების პერსპექტივა. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ აპოკალიფსური სურათი დაიხატოს", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ინვესტიციებთან დაკავშირებით დადებით მოლოდინზე საუბრობს "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავაც, რომელმაც არსებულ ტენდენციაზეც გაამახვილა ყურადღება. ისიც ადასტურებს, რომ წლის განმავლობაში პრობლემა ინვესტიციების კუთხით მოსალოდნელია, თუმცა დრამატული ვითარება არ შეიქნნება.
,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე პოლიტიკური არასტაბილურობა მოქმედებს. მთავარი მაინც ორი მიმართულებაა: პირველი - ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც გულისხმობს, როგორია ბიზნეს გარემო ქვეყანაში, რამდენად ჯანსაღი პირობებია ინვესტიციებისთვის, კალიფიციური მუშახელის არსებობა და სხვა. მეორეა გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც ძალიან მაღალია. მართალია, საინვესტიციო გარემო იცვლება და აქცენტი აღმოსავლურ ქვეყნებზე კეთდება, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ მოახდენს გარღვევას.
ინვესტიციების კლება შეიძლება წელსაც შენარჩუნდეს ან მხოლოდ მცირე ზრდა იქნება. აღმოსავლური იქნება თუ დასავლური, ინვესტიციები კარგია, მაგრამ რაც არ უნდა მოვინდომოთ, საქართველო 2017-18 წლების მაჩვენებლებზე ვერ გავა. მთავარია, დრამატული კლება არ იქნება. ამ ეტაპზე ასეთი მოცემულობაა, დანარჩენს დრო გვაჩვენებს", - აღნიშნა მკვლევარმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში ჯამური მოცულობა მხოლოდ 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია.
ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან, თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი ნაკადი დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.