
სხვადასხვა სფეროსა და ჯგუფის 50-მდე წარმომადგენლისგან შემდგარი საინიციატივო გუნდი, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეას უყრის საფუძველს. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიზანია: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა, დაკავებულების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება.
„სახეზეა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ყოვედღიურად ქუჩაში გამოსულ ასობით ათას მშვიდობიან მომიტინგეს ზღვარგადასული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება არსებული რეჟიმი. რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, მიმდინარე კრიზისის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მის ევროინტეგრაციის პროცესს, არამედ მის სუვერენიტეტსაც.
არსებული პოლიტიკური სისტემა, ტრასნფორმაციის გარეშე, ვერ ახერხებს მოცემული კრიზისის გადაჭრას და პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნებას და წარმოქმნის მხოლოდ ნეგატიური განვითარების სცენარებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, სამოქალაქო ორგანზაციების, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები: ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი სახელმწიფოებრიობის, წინაპრების, დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე;
მიზნად ვისახავთ რა, მშიდობიანი გზით გადავჭრათ არსებული პოლიტიკური კრიზისი, დავაბრუნოთ ქვეყანა დემოკრატიული რესპუბლიკის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი სახელმწიფოს და ევროინტეგრაციის გზაზე, ავტოკრატიული სისტემის ნაცვლად ხელი შევუწყოთ მედეგი დემოკრატიული სისტემის განვითარებას, რომელიც მომავალშიც მაქსიმალურად გამორიცხავს ძალაუფლების მიტაცებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა სუვერენიტტს;
მიგვაჩნია რა, კრიტიკულად მნიშვნელოვნად უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის დაუყოვნებელი შეჩერება და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლება;
ვაცნობიერებთ რა, რომ ამ მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესთა ჯგუფებს შორის კოორდინაციის, მდგრადი თანამშრომლობის პლატფორმის, საქართველოს საზოგადოებრივი ანამბლეის შექმნა, რომელიც დაეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნული ყრილობის მემკვიდრეობას, გააერთიანებს საზოგადოებას, განსხვავებული პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს", - ნათქვამია ასამბლეის მემომარნდუმში.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყველა დაინტერესებულ პირსა და ჯგუფს შეუძლია იდეის გაზიარება.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სავარაუდოდ, ამ ასამბლეაში იქნება ის ადამიანები გაერთიანებული, რომელთაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის სურვილი აქვს.
„არ ვიცი რა ფუნქცია ექნება ამ ასამბლეას, ალბათ დრო აჩვენებს. ეს არის მონდომებული ადამიანების ინიციატივა იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ცდილობენ ამაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ჯერჯერობით , ამაზე ადამიანი ვერც კარგს და ვერც ცუდს ვერ იტყვის. ამ ეტაპზე ყველაფერი გაურკვეველია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ეს ახალი ინიციატივა სერიოზულად არ აღიქმება და შესაბამისად, არანაირი მომავალი არ აქვს.
„მაგათ შეიძლება საკუთარ თავს დაარქვან გაეროს ასამბლეა, ეგზოტიკურ ცხოველთა ასამბლეა და ა.შ. მეტი რა შეიძლება იმ ადამიანებს უწოდო, რომლებიც 300 ათასი ხმის გაყალბებაზე ლაპარაკობენ 2 მილიონ 120 ათას კაცში.
თავად არიან სასაცილოები, ვინაიდან საქართველოში არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულია და ჩატარდება 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. ახლა, რაც არ უნდა ეცადონ, რაც არ უნდა ირბინონ და „ლეიბები" დააწყონ რუსთაველზე, ეს საქმე დასრულებულია, რადგან ეუთო/ოდირის დასკვნაში, რასაც ესენი ლაპარაკობენ არც ერთზე მასში საუბარი არაა. და ამაზე თუ გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები ლაპარაკობენ, ამათმა წაიყვანონ სალომე ზურაბიშვილი და სადაც უნდათ იქ ჩაატარონ არჩევნები. როგორ შეიძლება საერთოდ ამათზე საუბარი", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".