
პოლიტიკურმა პარტიებმა ვადის ამოწურვის პარალელურად, საარჩევნო სიები გაასაჯაროვეს, რაც ნაწილობრივ მონახაზს ქმნის თუ ვინ შეიძლება ვიხილოთ მომავალ პარლამენტში. სიებში არიან, როგორც უკვე კარგად ცნობილი და გამოცდილი პოლიტიკოსები, ისე ბიზნესმენები, იურისტები, სპორტის, ხელოვნების თუ სხვა სფეროების წარმომადგენლები და უცნობი სახეები.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, საზოგადოებას ძველი სახეები მობეზრდა, თუმცა ახლებსაც გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი სახეების წარმოჩენის მხრივ არცერთ მხარეს რადიკალური ცვლილებები არაა. თუმცა, ოპოზიცია შედარებით ცდილობს.
საწინააღმდეგოს ფიქრობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" სია ახალი სახეებით და პროფესიული კადრებით დაკომპლექტდა, ოპოზიციაში კი კვლავ ძველი სახეები ბრუნდებიან.
26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.
„არცერთ მხარეს რადიკალური ცვლილებები არაა"
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არცერთ მხარეს ახალი სახეების წარმოჩენის მხრივ დიდი ცვლილებები არაა, თუმცა, ოპოზიცია შედარებით ცდილობს.
„ქართული ოცნება" მაინც პრიორიტეტს იმ ადამიანებს ანიჭებს, ვინც მანამდე პარტიაში იყვნენ. თუმცა ძალიან ბევრი, ვინც პარლამენტშია, უკან გადაისროლეს. ორ სპორტსმენს და რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთლით, ძირითადი აქცენტი მაინც ძველ სახეებზეა, რომლებიც მაღალ თანადებობებს იკავებდა და იკავებს.
„რაც შეეხება ოპოზიციას, მაგალითად გახარიას პარტიაში ძველი პოლიტიკოსები არიან ჩართულები და ახალ სახეებს ნაკლებად ვხედავ. შეიძლება ახალი სახეების წარდგენას უფრო ოპოზიცია ცდილობს, თუმცა, ჯერ ყველას სია ბოლომდე არაა ცნობილი. საზოგადოებას ძველი სახეები მობეზრდა და შეიძლება ახალი სახეების გამოჩენა პარტიებზე დადებითად აისახოს.
„ქართული ოცნება" წარმოდგენილია იმ თვალსაზრისით თუ ვინ უფრო ერთგულია ივანიშვილის მიმართ, ოპოზიციიდან კი უმჯობესია პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე ჩაერთონ.
„უნდა ითქვას, რომ ახალი სახეების წარმოჩენის მხრივ არცერთ მხარეს რადიკალური ცვლილებები არაა. ოპოზიცია შედარებით ცდილობს, მაგრამ არა ისე, რომ ჭარბობდეს. ალბათ გვახსოვს მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ სიაში ის ადამიანები უნდა ვიხილოთ, ვინც მანამდე არ იყვნენ პარლამენტშიო, მაგრამ მსგავსი რამ ჯერჯერობით არ შეინიშნება, მათ შორის ოპოზიციის რიგებშიც",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
„ოპოზიციაში ისევ ძველი სახეები დაბრუნდნენ"
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" სია შედგება ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებისგან, ბევრია უცნობი სახეც, თუმცა,„ქუჩიდან არავინ მოსულა".
„როგორც „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობიდან იყო დაპირებული, პარტიის სია ნაწილობრივ განახლდა და მასში, როგორც წინა შემთხვევებში, სხვადსახვა დარგის სპეციალისტები და პროფესიონალები მოხვდნენ. ასეთი მიდგომა სასარგებლოა, როგორც პარლამენტში - კანონმდებლებისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის, რაც არაერთხელ დადასტურდა წინა მოწვევის პარლამენტებში.
„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე არსებულ ვითარებას, ესაა ტრაგედია თავად პარტიების ხელმძღვანელობისთვის და კომედია ხალხისთვის. შეუძლებელია სია მოღალატეებით, პოლიტიკური ბალასტებითა და ნაყარ-ნუყარი პოლიტიკანებით გაავსო. ისევ ძველი სახეები დაბრუნდნენ.
„ცალკეული უწონო რევანშისტები ხაზარაძეს, გახარიას და გვარამია-მელიას პოლიტიკურ კანტორებს შეეკედლნენ. ამ პარტიებში დემოკრატია არ არსებობს, სადაც ერთი-ორი ადამიანის ხუშტურებზე დამოკიდებულ პოლიტიკას ატარებენ. შედეგიც შესაბამისი აქვთ ხოლმე. რატომ არ სჯერათ, რომ ყველა მომდევნო არჩევნებს პირწმინდად აგებენ? რამდენ კაცს და ვის წარმოადგენენ ნამდვილად აზრი არ აქვს.
„როგორც „ქართული ოცნების" შიდა კვლევები ამბობს (მამუკა მდინარაძეზე დაყრდნობით), შესაძლოა ოპოზიციიდან პარლამენტში ენმ მოხვდეს, მცირე შანსით მელია-გვარამიას პოლიტიკური კანტორა, დანარჩენები სულ ტყუილად ხარჯავენ ნერვებს და ტყულიდ ავრცელებენ დეზინფორმაციებს.
„ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ ბოდვებს აქვს ადგილი და არა კონსტრუქციულ კამათს მართველ პარტიასთან, რასაც საქართველოში ნებისმიერი ამომრჩეველი ისურვებდა. იმედია, 26 ოქტომბერს ეს პოლკიტიკური სახადი დასრულდება და საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აღმოცენებას დაიწყებენ კონსტრუქციული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც „ქართულ ოცნებას" მწვავე, მაგრამ შინაარსიან კონკურენციას გაუწევენ.
„არაა აუცილებელი, რომ პარტიულ სიაში ყველასათვის ნაცნობი ადამიანები იყვნენ. ნაცნობობით და ხილვადობით არ დგება სერიოზული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სია, სია შედგება ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებისგან, ქუჩიდან არავინ მოსულა, სანდონი არიან. ყველა სადღაც იყო წარმატებული, დასაქმებული. ასეთი სია წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ". რომელ ოპოზიციულმა ძალებმაც სიები წარმოაგინეს, ტრაგიკომიკური სურათია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".