თამთა ჩაჩანიძე
26.09.2024

ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, ხოლო ჩვენ, როგორც ხალხის მთავრობა, მოწოდებულნი ვართ, ვმართოთ ჩვენი ქვეყანა ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა კობახიძემ ის მთავარი გზავნილები გააჟღერა, რომელიც „ქართული ოცნების" პოლიტიკის მთავარი მიმართულებებია. სიტყვის ბოლოსკენ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალსა და აფხაზეთში მცხოვრებ ხალხს მიმართა.

პრემიერის სიტყვით გამოსვლა „ქართულმა ოცნებამ" თბილისიდან შეაფასა, სადაც აღნიშნა, რომ „პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული". ოპოზიცია კი კობახიძეს მწვავედ აკრიტიკებს, რომ ის არა აშშ-ს სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას, არამედ გაერო-ს მიწვევით ორგანიზაციის შტაბ-ბინას სტუმრობს.

რა თქვა კობახიძემ

პრემიერის თქმით, დღეს გლობალური უპრეცედენტო გამოწვევების ეპოქააა, რაც გაბედულ მოქმედებას ითხოვს, რის ფონზეც „ოცნებამ" „რიგი რთული გადაწყვეტილებები მიიღო". მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობა, „ოცნება" კი „უდგას ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად".

„ჩვენი ხელისუფლების რწმენით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს. ჩვენ არასდროს აგვირჩევია მარტივი გზა - ჩვენ ყოველთვის ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს. შედეგად, ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს - სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა.

„ჩვენ შევიკრიბეთ უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების ეპოქაში, როცა გამძაფრებული კონფლიქტების, კლიმატური ცვლილებების და მზარდი ჰუმანიტარული საჭიროებების ურთიერთდაკავშირებული კრიზისები დღესაც კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენენ. ეს გამოწვევები ითხოვს გაბედულ მოქმედებას. საქართველო არასოდეს შეუშინებია გაბედულ მოქმედებას. ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი რეგიონისთვის.

„მაშინ, როცა ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა განვითარება და პრობლემების გადაჭრა, უკრაინაში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო ხაზგასმით: საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია.

„ვაცნობიერებთ რა საკუთარი გამოცდილებიდან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენ სათავეში ვუდგავართ ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარდაქმნა კონფლიქტების რეგიონიდან შესაძლებლობების რეგიონად. ჩვენ მივესალმებით მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კერძოდ კი იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის",- აცხადებს კობახიძე.

კობახიძის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონში, ევროპასა და აზიაში.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც.

„ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება.

„თუკი შევხედავთ პოლიტიკურ რუკას, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში.

„მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში",- განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, 2021 წლიდან მოყოლებული, საქართველოს საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.7%-ს. სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი - მხოლოდ 2.5%-მდე. გარდა ამისა, „საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე".

პრემიერის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. „პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა".

„საქართველოს ეფექტიანი წინსვლა და მიღწევები სათანადოდ არის ასახული მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული სააგენტოების საერთაშორისო რეიტინგებში:

-მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მე-20 ადგილზეა მსოფლიოში და მე-11 ადგილზე ევროპაში კორუფციის კონტროლის თვალსაზრისით, ხოლო კანონის უზენაესობის კატეგორიაში საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და მე-14 ადგილზე ევროპაში;

- საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის ღია ბიუჯეტის ინდექსის თანახმად, საქართველო ლიდერობს მსოფლიოს მასშტაბით ბიუჯეტის გამჭვირვალობის კატეგორიაში.

- ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის (ERCAS) 2023 წლის ანგარიშის - „გამჭვირვალობა ომის დროს" თანახმად, საქართველო მე-17 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 წევრ ქვეყანას და დიდი შვიდეულის 4 სახელმწიფოს;

- გარდა ამისა, ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და აქაც უსწრებს ბევრ წამყვან ეკონომიკას;

- The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-19 ადგილზეა ევროპაში და 32-ე მსოფლიოში და ისევ და ისევ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას;

- ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარეგულირებელი შეზღუდვების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზეა 80-მეტ ქვეყანას შორის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის. 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ შეადგინა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%. პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დღემდე საქართველომ მოიზიდა 6.2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რითაც კიდევ უფრო შეეწყო ხელი საქართველოს ჩამოყალიბებას მულტიფუნქციურ რეგიონულ ცენტრად, სადაც თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი უკავშირდება ბიზნესს",- თქვა კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, გასულ წელს საქართველომ უმასპინძლა 7 მილიონზე მეტ ტურისტს, „რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვან აღდგენაზე მეტყველებს, საქართველო ინარჩუნებს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა Numbeo-ს თანახმად, საქართველო ამ მხრივ მე-8 ადგილზეა ევროპაში და 21-ზე მსოფლიოში, რაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების და პროფესიონალების დამსახურებაა".

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში. ჩვენ თანმიმდევრულად და დაუღალავად ვშრომობთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.

„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ

შეფასებები თბილისში

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გია ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რაც „ოცნების" მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

„როგორც ცნობილია, პრემიერი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე იმყოფება, რომელიც ყოველ წელს ტარდება. „ქართული ოცნების" მედიასაშუალებებმა მანამდე გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია. გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს ნიუ-იორკი და იქ ჩადიან გაერო-ს წევრი ყველა ქვეყნის მეთაური. სესიაზე გამოსულან ისეთი პირები, როგორებიც არიან ფიდელ კასტრო, უგო ჩავესი, მადურო, ასადი, ჰუსეინი და სხვები, მათ შორის, სანქცირებული ლიდერებიც.

„ბატონი კობახიძე ამ რანგში იმყოფება გენერალური ასამბლეის სესიაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნება" იზოლაციაში აქცევს საქართველოს და ამის კიდევ ერთი დასტური გახლავთ ის, რომ ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს. ამ სიაში არიან ცნობილი დიქტატორები, როგორიცაა პუტინი, მადურო, ასადი, ჩრდ. კორეის ლიდერი და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელები. ეს არის „ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგი, რომელიც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლურია.

„აშშ-ს მხრიდან ამას უკვე გაეცა პასუხი იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სანქცირებულ ხელისუფლებას სადმე შეეყვანა სახელმწიფო. „ქართული ოცნების" პირობებში შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ქართული ოცნება" საერთაშორისო კეთროვანია, „ქართულ ოცნებას" არ ესალმებიან, ხელს არ ართმევენ, ჩვენ კი ვექცევით ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სიღარიბეს და სიღატაკეს ჰპირდება. ამიტომ, ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს, როცა ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ერთიანობით გაიმარჯვებს და უარს ეტყვის ამ მოღალატურ ხელისუფლებას", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძის გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის სიტყვაში ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესები იყო ასახული.მისი თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლით დადასტურდა, რომ საქართველოში მომავალ თაობებს კიდევ უფრო ამაყად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გამოსვლა, რომელიც ზუსტად ასახავს:

1.ჭეშმარიტად ეროვნულ ინტერესებს;

2.ქვეყნის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეალურ პოზიტიურ პოტენციალს;

3.დეოკუპაციისა და შერიგების სამშვიდობო, გონივრულ სტრატეგიას;

4.უპირობო საგარეო მისწრაფებებს;

5.გამოსვლა, რომელიც მარტივად და მოკლედ გაგრძნობინებს, რომ ამ პლანეტის სრულფასოვანი წევრი ხარ და საქართველოში, მომავალ თაობებს, კიდევ უფრო ამაყად, თამამად, მშვიდობიანად და ღირსეულად ცხოვრების დიდი პოტენციალი აქვთ! ისეთი ცხოვრების, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით და რომლისთვისაც ვშრომობდით!

p.s. ყველას უნდა ესმოდეს, შიგნით თუ გარეთ, რომ საქართველოსაც აქვს საკუთარი სტრატეგიული მიზნები და ეს მიზნები ღირსეულ და მშვიდობიან პოლიტიკაზე გადის. მშვიდობა და მოთმინება ჩვენს ქვეყანას", - წერს მაია ბითაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×