რეზონანსი
07.09.2024

„პურის ფასი სტაბილურია, უკვე 2-3 წელია არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ მზარდი ტარიფებია ელექტროენერგიაზე, წყალზე და ა.შ. ეს ჩვენთვის სატრაბახოც კი არის", - ამის შესახებ საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, ამჟამად ფქვილზე ფასი მცირდება, კერძოდ, 1 ტომარის ღირებულება 43-44 ლარის ფარგლებშია. მისივე თქმით, პურზე ფასის სტაბილური შენარჩუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის ფასი 52 ლარს არ აჭარბებს.

„ერთ ტომარაზე რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟოზე ახდევინებენ 12 ლარს. დაახლოებით 3 მილიონი შევიდა ბიუჯეტში შარშან ამ თანხიდან მოგების სახით. ამით კი ბაზარზე საქართველოში დამზადებულისა და შემოტანილი ფქვილის თვითღირებულება გაწონასწორდა.

ბაზარზე ფქვილის ერთი ტომრის ფასი ახლა თუ არ ვცდები 43-44 ლარია. 52 ლარამდე გვაქვს შესაძლებლობა, რომ პური არ გაძვირდეს. წინა წლებში 52 ლარზე ზევით თუ წავიდა ფქვილის ღირებულება, სუბსიდირებაც იყო ჩართული, რადგან ფქვილის ფასი გაიზარდა. დღეს ფქვილის ღირებულება მცირდება", - განაცხადა დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან".

ცნობისთვის, თბილისში დღე-ღამეში საშუალოდ 350 ტონა პური ცხვება. წარმოებული პროდუქციიდან 120 ტონა თონის პურია, დანარჩენი კი - ქარხნული. დედაქალაქში ყველაზე გავრცელებული 500-გრამიანი ე.წ ბატონისებური პურია, რომლის ფასიც საშუალოდ 90 თეთრიდან 1.1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×