
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგი წერეთლის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ახლა ყველაზე მეტად უჭირს, რაც მისი შეფასებით, მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანს.
„იმის მაგივრად ხელისუფლებისგან გვესმოდეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ თავისუფალ გარემოს ქვეყანაში, არჩევნების შემდგომ ქვეყნის განვითარებასა და პოლარიზაციის შემცირებას, ჩვენ მუქარა და საზოგადოების დაშინება გვესმის. საუბარი იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ პოლიტიკური ოპონენტების გასაქრობად სჭირდებათ. ეს მძიმე სურათს ქმნის. ჩვენს მოსახლეობას უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს ეს არჩევნები. თუ ჩვენ გავყვებით იმას, რასაც ხელისუფლება საუბრობს, ეს ტოტალიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოსკენ წაგვიყვანს. დიქტატურა არის ერთპარტიული მმართველობა, რომელიც აქრობს ოპონენტებს და ყველა განსხვავებულ აზრს სჯის. ამის მაგალითები კი მსოფლიოში არსებობს.
ხელისუფლების გამარჯვება მათი განცხადებებიდან გამომდინარე ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას ნიშნავს. ოპოზიციის კი დემოკრატიულად, ევროატლანტიკურად განვითარებას, ევროპასთან დაახლოებას და რუსეთთან დაშორებას ნიშნავს. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობას არ სურს ტოტალიტარულ ქვეყანაში ცხოვრება.
ნათელია, რომ ხელისუფლების სტრატეგია პოზიტიურ დღის წესრიგზე არ დგას, მათი კამპანია აგებულია ნეგატივზე, მოქალაქეების დაშინებაზე. რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მოხდება - ზეწოლა, მოსყიდვა, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღონ. ჩემი აზრით, ისინი ყურადღებას არ მიაქცევენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, ეს კი კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას და ქვეყანას დასავლეთისგან კიდევ უფრო დააშორებს.
ეს ხელისუფლება არ ჰგავს თუნდაც იმ ხელისუფლებას, რომელსაც გარანტირებული აქვს ჩვეულებრივი უმრავლესობა პარლამენტში. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ასეთ დამაშინებელ განცხადებებს გააკეთებდნენ და კამპანიასაც პოზიტიურ დღის წესრიგზე ააწყობდნენ. როცა ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად იმუქრებიან და ჩვენ მოგვისმენია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისგან, რომ, "როცა გაჭირდება, მაშინ გამოვალ სცენაზეო" და ჩვენ სცენაზე გამოსული ბიძინა ივანიშვილიც ვიხილეთ.
ვხედავთ, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში. იმ მანიფესტაციებმა, რომელიც მიმდინარეობდა, დაგვანახა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ და არა იქ, სადაც ცხვირს გარეთ ვერ გამოყოფენ“, - განაცხადა წერეთელმა.