
კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხების მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი საუბრობს:
„ცხადია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველი წელი რეკორდებს ხსნის. ყოველწლიურად იზრდება საშუალო ტემპერატურა. წლევანდელი წელიც, სავარაუდოდ, იმავე ტენდენციით გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოს, ურბანიზებული, ანუ ქალაქური დასახლებები კიდევ უფრო სახიფათო იქნება, განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი, რადგან აქ მწვანე საფრის ზონა ყოველწლიურად მცირდება, იზრდება შენობების რიცხვი, რაც უფრო აძლიერებს სითბური ტალღების გავლენას.
საფრანგეთში 2003 წელს ძლიერი სითბური ტალღის დარტყმის შედეგად კვირა-ნახევრის განმავლობაში 15 000-ზე მეტი კაცი დაიღუპა. მაშინ ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა ქვეყანა, განსაკუთრებით პარიზი. შემდეგ გამოიკვლიეს, ვინ იყვნენ ძირითადი ჯგუფები, ვინ გარდაიცვალა, ვის ჯანმრთელობა გაუუარესდა. გააანალიზეს ყველა ფაქტორი: გენდერული, რელიგიური, ასაკობრივი, სოციალური და ა.შ. და გამოავლინეს საერთო მახასიათებლები. შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ მარტოხელა ქალები იყვნენ მოწყვლადი, რომელთაც კონდიცირების ნაკლებობა ჰქონდათ. ასევე გულ-სისხლძარღვთა და კლიმატური ცვლილებების მიმართ მოწყვლადი დაავადებების მქონე ადამიანები, რომელთათვისაც წინასწარ მომზადდა საერთო ზონები. ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტებმა, მერიებმა იმუშავეს, რომ ამ ჯგუფებს საფრთხე აღარ შეჰქმნოდათ და 2015-16 წლებში, მხოლოდ ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე ცხელი ზაფხული ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება და ერთმანეთზე უარესია ყოველი შემდეგი. ასეთი თბილი შემოდგომები ადრე არ გვახსოვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ევროპას. ცხელი ზაფხულები, შემოდგომები და გაზაფხულები მოიმატებს. სახიფათო ის არის, რომ ექსტრემალური კლიმატური მოვლენები იმდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, პროგნოზირებაც კი გართულდეს" - განაცხადა მუხიგულიშვილმა.
კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე