რეზონანსი
13.06.2024

ვერ ვხედავ, რომ დღეს, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი რესურსი სწავლების პროცესში - google-თან და microsoft-თან კონკრეტული მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის სასწავლო სისტემაში დანერგვას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება.

„ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება ძალზედ აქტუალური ხდება. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი ბრიტანეთში, საერთაშორისო ყოველწლიურ განათლების კონფერენციაზე, სადაც მე და ჩემი გუნდი google-ს და microsoft-ის წარმომადგენლებს შევხვდით სწორედ ამ მიზნით და კონკრეტულ მოლაპარაკებებში ვართ, თუ რა შეუძლიათ მათ, შემოგვთავაზონ თავიანთი პლატფორმებით, რომ ჩვენ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის დანერგვა, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაში და თუნდაც, სხვა საფეხურებზე. რა თქმა უნდა, ამას კარგი დაკვირვება და შესწავლა სჭირდება. ამას ჩვენი სისტემის მომზადება სჭირდება. მე ვერ ვხედავ, რომ დღეს ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა [ჩაანაცვლოს], ან ჩაანაცვლებს პედაგოგს, თუმცა ის ნამდვილად უნდა გახდეს დამხმარე მეთოდი, რესურსი სწავლების პროცესში. ამის მნიშვნელობას ვიაზრებ, ამიტომ ჩემთვისაც პრიორიტეტულია ეს საკითხი. კონკრეტული მოლაპარაკებები ამ ორ კომპანიასთან დაწყებული გვაქვს", - განაცხადა ამილახვარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×