
უკრაინაში ომის 824-ე დღეს ფრონტის ხაზზე ვითარება კრიტიკულია. რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქში რამდენიმე კილომეტრით წინ წაწევა და კიდევ 2 სოფლის დაკავება მოახერხა. პარალელურად, ოკუპანტები განაგრძობენ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების დაბომბვას. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, დონეცკის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხერსონისა და სუმის ოლქებზეც, ფრონტზე კი 24 საათის განმავლობაში, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ფრონტზე არსებული კრიტიკული ვითარების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ესპანეთში პირველად ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით, სადაც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაც გააფორმა. ომში მყოფმა ქვეყანამ დახმარების პირობა, მოგვიანებით, NATO-ს გენერალური მდივნისგანაც მიიღო, თუმცა, იენს სტოლტენბერგმა ისიც თქვა, რომ ალიანსს, როგორც ინსტიტუტს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმა არ აქვს.
უკრაინამ მხარდაჭერა ბრიუსელში მყოფი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგანაც მიიღო. ითქვა, რომ აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის ამოქმედებაც, თუმცა, წინასწარ ცნობილია, რომ მას მხარს უნგრეთი არ დაუჭერს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში მიზეზებზეც ისაუბრა - პიტერ სიიარტოს მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ენერგეტიკის სფეროში უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
პესიმისტური გზავნილი მიიღო კიევმა დღეს გერმანიისგანაც. ოლაფ შოლცი ვარაუდობს, რომ უკრაინა NATO-ს წევრი, შესაძლოა, მომდევნო 30 წლის განმავლობაში ვერ გახდეს. კანცლერმა უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინთან კომუნიკაციაც გაიხსენა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა შოლცს უთხრა, რომ უკრაინა რუსეთს ეკუთვნის.
პარალელურად, გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა კიევისადმი მხარდაჭერა და თქვა, რომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, გერმანია ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე წარმატებული არ იყოს. დაპირებული სამხედრო და პოლიტიკური დახმარებისთვის თავად ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მადლობას უხდის, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ დასავლეთიდან მიღებული აღჭურვილობა საკმარისი არ არის