რეზონანსი
21.03.2024

ილონ მასკის კომპანიამ Neuralink აჩვენა როგორ თამაშობს ონლაინ-ჭადრაკს პირველი ადამიანი, რომელსაც ტვინში ამ კომპანიის ჩიპი ჩაუნერგეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვიდეო სოციალურ ქსელში X აჩვენეს, რომელიც ასევე მასკს ეკუთვნის. ტრანსლაციის მთავარი გმირი 29 წლის ნოლან არბოა - პირველი ადამიანი, რომელსაც ჩიპი ტვინში იანვრის ბოლოს ჩაუნერგეს.

არბომ განაცხადა, რომ 8 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მხრებს ქვემოთ ვერაფერს გრძნობს. მისი თქმით, ჩიპის ჩანერგვის ოპერაციამ მარტივად ჩაიარა. „საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამწერეს. არანაირი კოგნიტიური დარღვევა არ მაქვს", - განაცხადა მან.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ თამაშობს კაცი ჭადრაკს ნოუტბუკზე - ის ფიგურებს დაფაზე კურსორით მხოლოდ აზრის ძალით ამოძრავებს. არბომ თქვა, რომ უყვარს ჭადრაკი და ვიდეოთამაში Civilization VI, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ არ უთამაშია.

„თქვენ [Neuralink-მა] შესაძლებლობა მომეცით ეს კიდევ გამეკეთებინა და ზედიზედ 8 საათი ვთამაშობდი", - განაცხადა მან.

არბომ ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგია არ არის იდეალური და ტესტირების დროს ის და Neuralink-ის გუნდი არაერთ პრობლემას შეეჯახნენ. „არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ ეს გზის დასასრულია. წინ კიდევ ბევრი საქმეა, მაგრამ ამან ჩემი ცხოვრება უკვე შეცვალა", - განაცხადა არბომ.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×