რეზონანსი
11.02.2024

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში კლინიკასთან მედიკოსები იკრიბებიან. ისინი დღეს ერთობლივ წერილს მოაწერენ ხელს, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნიან.

მოთხოვნა უცვლელია - გაუქმდეს კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის ჩართულობით განიხილოს. პარალელურად, მედიკოსების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებს არ თანხმდებიან.

"დღესაც იქნება დიდი სოლიდარობის აქცია. ღია წერილით მივმართავთ ახალ პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავუგზავნით ბატონ ირაკლის. გაეცნოს დაწვრილებით ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნაჩქარები და დაჩქარებული სამთავრობო ბრძანება შეჩერდეს და გაუქმდეს," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინო ოთარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს და ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. მათ რამდენიმე აქცია გამართეს და სარჩელით სასამართლოს მიმართეს.

ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ შენობა გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება. უწყების თქმით, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×