
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.
„კვირას არის დაკრძალვა გიას და მისი სამი შვილის. ხვალ კი დედა-შვილს დავკრძალავთ. ნიაკოს, მის დედას და ბებიას სამშაბათს. ავთო რობაქიძე გონებაზე იყო, ეტყობა რაღაც ტალღამ პირველად ის გამოაგდო სახლიდან და სასწაულად გადარჩა. მაშველებმა მოუსწრეს და დამტვრეული კლინიკაში ამ დრომდე რჩება. სამწუხაროდ, უბედურ შემთხვევას შეეწირა მისი 20 წლის ქალიშვილი ნიაკო და ავთოს მეუღლე. ჯერ არ აქვს ინფორმაცია ოჯახის წევრების დაღუპვაზე. ეს საშინელი ამბავი მას დღეს უნდა უთხრან.
გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა დაღუპული სამი არასრულწლოვნის დედა, რომელსაც ეს საშინელი ამბავი დახვდა. ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს მას გარდაცვლილი, მეუღლე და სამი უსაყვარლესი შვილი. რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადამიანს. ცხედრები გვერდით სოფელში, დიმშია გადასვენებული მამიდის სახლში და იქიდან მოხდება გასვენება. კიდევ ორი გარდაცვლილი დედა-შვილია, ზოია ქაჯაია და მისი დედა, შუშანა უკლება. სამი ოჯახიდან 9 ადამიანია გარდაცვლილი. მართლა ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ძალიან ცუდად ვარ. საუბრის ძალაც არ მაქვს ახლა, მეტი რა უნდა გითხრათ. ოღონდ გადარჩენილიყვნენ ეს ბავშვები და ჩემთვის წაერთმია სიცოცხლე“ - განუცხადა "ამბებს" მერის წარმომადგენელმა სოფელ ნერგეეთში გოჩა გოგოლაძემ.
ambebi.ge