
8 თებერვალს, დილის 5 საათზე, მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი თურქეთში გარდაიცვალა. ის დიდი ხანი ებრძოდა ვერაგ დაავადებას. ბოლო დროს, თურქეთში მკურნალობდა. როგორც შევიტყვეთ, მისი ვაჟი, ლუკა უკვე გაფრინდა თურქეთში და სოსო ჯაჭვლიანს მალე ჩამოასვენებენ სამშობლოში.
ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, ამიტომ ყველას მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაავადებას ვერ მოერია. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ყველა იხსენებს მის მიერ შესრულებულ როლებს, რომელიც მართლაც დაუვიწყარია.
კახა ბასილია, მეგობარი: "მე და სოსო დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბოლოს ორი კვირის წინ ვესაუბრე ტელეფონით, სტამბოლში იყო, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე. შემართებით იყო. ჩემთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი გულისტკივილია. შესანიშნავი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, სამწუხაროა, რომ საქართველოში სათანადოდ არ არიან დაფასებულები ასეთი ადამიანები. სიკვდილის შემდეგ იწყებენ მათზე საუბარს და მათ გაღმერთებას. ნერვიულობდა ძალიან და ძალიან განიცადა ის, რაც ბოლოს სპორტის სამინისტრომ გაუკეთა...
ჩვენ ვსაუბრობდით მის დაავადებაზე, მაგრამ ეს პირადულია. იმასაც განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში სამკურნალოდ. ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო. ბოლოს კარგად გრძნობდა თავს. უფლის ნებაა, არავინ იცის, როგორ იქნება ადამიანი, მაგრამ მაინც სჯეროდა და სწამდა, რომ გამოძვრებოდა. ამბობდა, სანამ ჩვენს მისიას არ განვახორციელებთ, მანამდე ჩვენ არ წავალთ ამქვეყნიდანო.
სიკვდილზე არ ფიქრობდა.
როცა ომი დაიწყო უკრაინაში, მე მამხნევებდა. ნუ გეშინია, ყველანი სიკვდილის შვილები ვართო. მერე ეს დაავადება დაუდგინდა და ჩვენ მაინც მეომრები ვართო. ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. ბოლოს სულ თურქეთში იყო, რამდენიმე თვე საავადმყოფოში გაატარა. მთელი დღე მეგობრების მოკითხვაში იყო, დრო ასე გაჰყავდა. ბოლოს რომ ვესაუბრე, ძალიან მხნედ იყო და ამიტომ, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის დღეს ამ ამბის გაგება.
ბოლოს, მესიჯი მივწერე რამდენიმე დღის წინ და არ მიპასუხა. ვიფიქრე, საქართველოში მიდის-მეთქი... მე ერთი მწამს, რომ სოსოს აუცილებლად შევხვდები სასუფეველში. მანამდე ჩვენ, მისი სამეგობრო შევეცდებით მისი დაწყებული საქმე გავაგრძელოთ. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო და მეამაყება, რომ სოსო ჯაჭვლიანი ჩემი მეგობარი იყო" - განაცხადა მისმა მეგობარმა კახა ბასილიამ.
"კვირის პალიტრა"