რეზონანსი
08.02.2024

სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, ქვეყანაში საფრთხეების წინასწარ აღმოსაფხვრელად სწრაფი რეაგირების მექანიზმები უნდა არსებობდეს.

„სწრაფი რეაგირება უნდა იყოს. დევდორაკიდან 10 წელი გავიდა, იყო თბილისის ვერეს ხეობა, მესტიაჭალა ორჯერ დამარხა, შოვის მერე იყო გურია, 2 დღის წინ იყო აჭარა - ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს, აქამდე არ მომხდარა.

რუკა დევს მერიის საიტზე, ეს რუკა 2017 წელს შეიქმნა და ვაშლიჯვრის ზონა მთლიანად სახიფათო ზონად არის მიჩნეული. როგორც ძალიან ბევრგან, რიკოთიც მაგალითია იმის, რომ, როდესაც გზის მშენებლობა დაიწყო და მეწყერი წამოვიდა, მერე დაიწყეს დამცავი ღონისძიებების გატარება, რომელიც გზიდან ჩანს, რომ არასწორად არის გაკეთებული. ზღუდეებს უკვე შემოუარა მეწყერმა, გაივსო“, - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.

გარდა ამისა, გადაცემაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ არსებობს რუკა, სადაც კუს ტბაზე 50-მდე წერტილში მეწყრული ზონა ფიქსირდება.

„კლიმატის ცვლილება გვაქვს, უხვი ნალექი მოდის - ერთ დღეში მოდის ის, რაც მოდიოდა თვის განმავლობაში. როცა ეროზირებული გაქვს დიდი მიწა, ეს, რა თქმა უნდა, მოწყდება. ზამთრისთვის მაღალი ტემპერატურა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დნობა უკვე დაწყებულია და პროცესი უფრო აჩქარდება.

საკურორტო და სარეკრეაციო ზონებში, სადაც ხალხი იკრიბება, უნდა იყოს გაფრთხილების სისტემა. ველოდები 15-ში რომ წარმოგვიდგენენ საფრთხის შემცველი ზონების შესახებ ინფორმაციას.

10-ზე მეტი მეწყრული ზონა იყო თბილისში, მოძრავი იყო ბევრი. მე მინახავს რუკა, რომელიც კუს ტბაზე აჩვენებდა 50 წერტილს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის მეწყერი იყო. კუს ტბაზე და მარტო იქ არა, მიდის აქტიური განაშენიანება“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×