
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, დიდთოვლობის გამო, გზები აქტიურად იწმინდება. დღეს დილიდან დაიწყო, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ასევე მუნიციპალიტეტების ქუჩების გაწმენდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან. გზების წმენდის პარალელურად, გრძელდება დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო კომენტარში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ყველა მუნიციპალიტეტში თოვდა და ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრსაც გადააჭარბა. ამას დაერთო
ძლიერი წვიმა. ელექტროენერგიის ხაზებია გაწყვეტილი. გზებზე ხეებია დაწვენილი. ამ ეტაპისთვის ექვსივე მუნიციპალიტეტის არცერთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, ზვავები წამოვიდა მთავარ გზებზე. საჩხერე-რაჭის მიმართულებით არის ზვავი ჩამოსული და დაკეტილია გზა. ასევე დაკეტილია ნაქერალას მიმართულება და წყალტუბო-ცაგერის მიმართულება, ქუთაისი-ალპანა-მამისონის მიმართულება“, - აღნიშნა რწმუნებულმა.